29 აგვისტოს ღამით რუსეთის როსტოვის ოლქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. იერიშის სამიზნე გახდა კომპანიების OZON-ისა და DNS-ის ლოგისტიკური საწყობები, ასევე გემთმშენებელი საწარმო.
ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა დონის როსტოვში, ბატაისკსა და აქსაიში.
დრონების თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის სავაჭრო ქსელ DNS-ის საწყობებს, სადაც მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
კომპანია OZON-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ როსტოვის ოლქში მისი ერთ-ერთი ლოგისტიკური ობიექტიც იერიშის სამიზნე გახდა.
მონიტორინგის არხების წინასწარი ინფორმაციით, ღამით დრონების იერიშის შედეგად აქსაის რაიონში მდებარე გემთმშენებელი ქარხანაც დაზიანდა, სადაც ერთ-ერთ ხომალდს ცეცხლი გაუჩნდა.
რუსეთის ხელისუფლებამ რეგიონზე დრონების მასირებული თავდასხმის შესახებ განაცხადა. ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნას ოლქის რამდენიმე რაიონში ხანძარი მოჰყვა.
ამასთან, NASA-ს FIRMS-ის სატელიტური მონაცემების თანახმად, ღამით ხანძარი გაჩნდა დროებით ოკუპირებულ ყირიმში, სოფელ გვარდეისკოეში მდებარე სამხედრო აეროდრომზე.