ბულგარეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა შავ ზღვაში, წმინდა ივანეს კუნძულის მახლობლად, დაუდგენელი დრონი აღმოაჩინეს და ადგილზე გაანადგურეს. შემთხვევა 27 აგვისტოს მოხდა.
ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალურმა ჯგუფმა დრონის აღმოჩენისა და განადგურების ოპერაცია ჩაატარა. დრონი კუნძულის მოპირდაპირედ, ჩრდილოეთ ნაპირთან მდებარე ნავმისადგომთან იყო აღმოჩენილი.
სამხედროებმა მოქმედება ბურგასის ოლქის გუბერნატორის მოთხოვნისა და თავდაცვის უწყების გადაწყვეტილების საფუძველზე, საზღვაო ძალების მეთაურის ბრძანებით დაიწყეს. უსაფრთხოების მიზნით დრონის გადატანის ნაცვლად მისი ადგილზე განადგურება გადაწყდა.
დრონის წარმომავლობისა და დანიშნულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.
ეს ბოლო დღეებში ბულგარეთის შავი ზღვის სანაპიროზე დრონებთან დაკავშირებული რამდენიმე შემთხვევიდან ერთ-ერთია - 26 აგვისტოს ქვეყნის სანაპიროს სხვადასხვა მონაკვეთზე რამდენიმე დრონის ნამსხვრევიც აღმოაჩინეს.