ნორვეგიის ახალი მეფე ჰააკონ VIII გახდა. 53 წლის კრონპრინცი ჰააკონი ტახტზე ავტომატურად ავიდა მას შემდეგ, რაც მისი მამა, მეფე ჰარალდ V, 28 აგვისტოს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჰარალდ მეხუთე 28 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 06:35 საათზე, ოსლოს ეროვნულ ჰოსპიტალში გარდაიცვალა. სამეფო სასახლის განცხადებით, იგი მშვიდად გარდაიცვალა. ჰარალდი ნორვეგიის მეფე 1991 წლიდან იყო და ევროპის ყველაზე ხანდაზმული მოქმედი მონარქი გახლდათ.
მისი გარდაცვალებისთანავე ტახტი 53 წლის ჰააკონმა დაიკავა და მეფე ჰააკონ VIII გახდა. ნორვეგიაში მეფედ გახდომისთვის კორონაცია საჭირო არ არის - ახალი მონარქი მამის გარდაცვალებისთანავე ხდება მეფე. მოგვიანებით ჰააკონი პარლამენტის წინაშე კონსტიტუციისა და კანონების ერთგულების ფიცს დადებს.
ჰააკონი წლების განმავლობაში აქტიურად ასრულებდა სამეფო მოვალეობებს და მამის ჯანმრთელობის გაუარესების პერიოდში რამდენჯერმე რეგენტის ფუნქციასაც ასრულებდა. იგი მსახურობდა საზღვაო ძალებში და სწავლობდა პოლიტიკურ მეცნიერებებს კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლისა და განვითარების მიმართულებას ლონდონის ეკონომიკის სკოლაში.
მისი მეფობის დაწყება ნორვეგიის სამეფო ოჯახისთვის მარტივ პერიოდში არ ხდება. ჰააკონის მთავარი ამოცანა მონარქიის მიმართ საზოგადოების ნდობისა და მხარდაჭერის შენარჩუნება იქნება, რადგან სამეფო ოჯახს ბოლო პერიოდში არაერთი სკანდალი შეეხო.
ჰააკონის უფროსი შვილი, 22 წლის პრინცესა ინგრიდ ალექსანდრა, ახლა ნორვეგიის ტახტის მემკვიდრე და კრონპრინცესა გახდა.