ბოლო მონაცემებით, 28 აგვისტოს დილის მდგომარეობით, ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 469-ს მიაღწია. ეს არის ნეპალის პოლიციის ოფიციალური მონაცემი, რომელიც Reuters-მაც დაადასტურა.
ასობით ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. Reuters-ის ბოლო ცნობით, დაკარგულთა რაოდენობა ნეპალსა და ტიბეტში ერთად თითქმის 1 000-ს შეადგენს; ჩინეთის ტიბეტის გირონგის ოლქში კი ცალკე 558 დაკარგულზე საუბრობენ.
სტიქიის ზონიდან ასობით ადამიანი უკვე გადაარჩინეს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ნუვაკოტის, რასუვისა და ჩიტვანის რაიონებში. მდინარეებმა ბჰოტეკოშიმ და ტრიშულიმ დიდი რაოდენობით ტალახი და ნარჩენები ქვემოთ ჩაიტანეს.
განადგურებულია გზები, ხიდები, სახლები, ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა და სხვა ობიექტები, რის გამოც დაზარალებულ დასახლებებამდე მისვლა კვლავ რთულია.
სამძებრო სამუშაოებში გამოიყენება ვერტმფრენები, მძიმე ტექნიკა და სამძებრო ძაღლები. მაშველები მდინარეების ქვემო დინებაშიც ეძებენ სტიქიის მიერ წაღებულ ადამიანებსა და ცხედრებს.
Reuters წერს, რომ სტიქიის შემდეგ მთებში მდინარის კალაპოტების ჩახერგვის შედეგად ახალი ტბები წარმოიქმნა, რომელთა წყლის დონეც იზრდება. არსებობს მათი გარღვევისა და მეორე, ახალი წყალდიდობის საფრთხე. ჩინეთის მხარეს, ერთ-ერთ ასეთ ტბაში უახლოეს დღეებში დაახლოებით 3 მილიონი კუბური მეტრი წყლის ჩადინებას ელოდებიან და პიკური ნაკადი შესაძლოა 1 სექტემბრისთვის იყოს.
სტიქია 26 აგვისტოს დაიწყო. წინასწარი სამეცნიერო შეფასებით, მაღალმთიანეთში მყინვარისა და კლდოვანი მასის ჩამოშლამ მდინარის ხეობაში უზარმაზარი რაოდენობის ყინული, ქვები და ტალახი ჩაიტანა, რასაც შემდეგ გამანადგურებელი წყალმოვარდნა მოჰყვა. მდინარის დონემ ზოგიერთ მონაკვეთში მხოლოდ 30 წუთში დაახლოებით 9 მეტრით მოიმატა.
სტიქია შეეხო ნეპალ-ტიბეტის საზღვრის ორივე მხარეს. ჩინეთის ტიბეტში ამ დროისთვის 3 დაღუპული და 558 დაკარგულია.
მსაერთაშორისო მედიის მონაცემები ამ ეტაპზე სწრაფად იცვლება, რადგან დაკარგულთა სიის გადამოწმება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. შესაბამისად, ნეპალსა და ტიბეტში დაღუპულთა რაოდენობა 472-ს აღწევს (469 ნეპალში, 3 - ტიბეტში).