უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსა და რუმინეთის პრეზიდენტ ნიკუშორ დანთან სამმხრივი შეხვედრისას ენერგეტიკის სფეროში ერთობლივი მუშაობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, უსაფრთხოების სფეროში შესაძლებლობების გაძლიერებისა და სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის საკითხები განიხილა.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასე, ერთად ვართ - უკრაინა, მოლდოვა და რუმინეთი. მოლდოვის დამოუკიდებლობის დღეს და უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ეს ყველაფერი უბრალო სიმბოლიკაზე ბევრად მეტია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა, ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს და მათი ეკონომიკური პოტენციალის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, ასევე უსაფრთხოების სფეროში შესაძლებლობების გაძლიერება და ევროპული ინტეგრაცია.
„როდესაც რუსეთის მეზობელი ხარ, საჭიროა მაქსიმალურად ითანამშრომლო ყველა სხვა მეზობელთან, ყველა სხვა თავისუფალ ხალხთან. ეს არის საიმედო დაცვისა და, ზოგადად, განვითარების მთავარი პირობა. ჩვენს ხალხებს, სამწუხაროდ, უკვე მოუწიათ იმის განცდა, თუ რას ნიშნავს თავისუფლების არქონა, და ეს სწორედ მოსკოვის გამო მოხდა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი წარსულში უნდა დარჩეს.
„საჭიროა დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი თავისუფლება და, შესაბამისად, საკუთარი პოტენციალისა და საკუთარი ცხოვრების განვითარების შესაძლებლობა“, - განაცხადა ზელენსკიმ.