აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Axios-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ნატო-ს წევრ ქვეყნებზე შესაძლო თავდასხმის შესაძლებლობა მას არ აწუხებს.
სამშაბათს CIA-ის დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა მოსკოვში საიდუმლო ვიზიტი განახორციელა და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელ სერგეი ნარიშკინს შეხვდა. გამოცემის ცნობით, ზოგიერთი მედია საშუალება წერდა, რომ ვიზიტის მიზანი მოსკოვის გაფრთხილება იყო, არ დასხმოდა თავს ნატო-ს რომელიმე წევრ ქვეყანას.
Axios-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ რეტკლიფს მსგავსი გაფრთხილება მოსკოვისთვის არ გადაუცია.
„ეს საერთოდ არ მაწუხებს... არანაირად. არანაირი პრობლემა არ არსებობს“, - განაცხადა ტრამპმა ნატო-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო პროვოკაციაზე დასმული კითხვის პასუხად.
პრეზიდენტმა რეტკლიფის ვიზიტს „ჩვეულებრივი სამუშაო ვიზიტი“ უწოდა და გაკვირვება გამოთქვა იმის გამო, თუ როგორ გააშუქა ეს ვიზიტი მედიამ.
„რეტკლიფი თავის რუს კოლეგას ექვს თვეში ერთხელ ან წელიწადში ერთხელ ხვდება. მათ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. განსაკუთრებული გზავნილი არ ყოფილა და არაფერი უჩვეულო არ მომხდარა“, - აღნიშნა ტრამპმა.
მოგვიანებით, ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთი ნატო-ს ქვეყნებზე თავდასხმას არ აპირებს.
„ის ნატო-ს ტერიტორიაზე თავდასხმას არ აპირებს“, - განაცხადა ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე საუბრისას.