აშშ ნატო-ს ერთგული რჩება. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, პოლიტიკის საკითხებში, ელბრიჯ კოლბიმ ბრიუსელში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„ევროპამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია ტრადიციულ თავდაცვაზე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების თვალსაზრისით, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. არის საკითხები, როგორიცაა ბაზებზე წვდომა და საჰაერო სივრცის გამოყენება. არის საკითხები, რომლებიც უნდა მოგვარდეს. რა თქმა უნდა, აშშ ნატო-ს ერთგული და ალიანსთან დაკავშირებული რჩება“, - განაცხადა კოლბიმ.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები იმედოვნებს, ევროპა საკუთარ კონვენციურ თავდაცვაზე მთავარ პასუხისმგებლობას, ასევე უკრაინის მხარდაჭერაში წამყვან როლს აიღებს.
ასევე, კოლბის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით ევროპა ლიდერობს.
„ჩვენ... შინაარსობრივად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ერთად ისეთ სამყაროში, სადაც ევროპა, რომელიც, ცხადია, ძალიან მდიდარი კონტინენტია, შეძლებს და უკვე აიღებს მთავარ პასუხისმგებლობას საკუთარ კონვენციურ თავდაცვაზე. რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები რჩება ნატო-ში და კვლავ დაკავშირებულია აქ, ალიანსთან. ამასთან, ევროპა უკრაინის მხარდაჭერაშიც წამყვან როლს შეასრულებს,“ - განაცხადა კოლბიმ.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ სურს, ამ საკითხებთან დაკავშირებით ნატო-ს მოკავშირეების პოზიციები მოისმინოს.
მან დაადასტურა, რომ აშშ-მა ევროპელ მოკავშირეებს მართლაც გაუგზავნა კითხვარი, რომელშიც მათ ევროპული კონვენციური თავდაცვის სფეროში პასუხისმგებლობების სამომავლო გადანაწილების შესახებ საკუთარი შეფასებებისა და გეგმების წარმოდგენა სთხოვა.
მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ „ევროპა შეერთებული შტატებისთვის კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვან ინტერესს წარმოადგენს, მაშინაც კი, როდესაც პრიორიტეტს დასავლეთ ნახევარსფეროს ვანიჭებთ“.
პენტაგონის ხელმძღვანელის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ 27 აგვისტოს დილით ბრიუსელში „უკვე გამართა რამდენიმე მართლაც შესანიშნავი შეხვედრა ევროპელ კოლეგებთან“. 26 აგვისტოს მან მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების ევროპული სარდლობის (SHAPE) შტაბის მოხსენებას მოუსმინა, ხოლო სამშაბათს, 25 აგვისტოს, გენერალ ალექს გრინკევიჩთან ერთად აშშ-ის ევროპულ სარდლობას ეწვია.