ნახევარსაუკუნოვანი განდევნის შემდეგ ეგვიპტეში დაბრუნებული შეიხ იუსუფ ალ-კარადაუი დემონსტრანტებთან მკაცრი მოპყრობის გამო ლიბიის ლიდერის მოამარ კადაფის მოკვლას მოითხოვს.
"ალ-ჯაზირას" ეთერით გამოსვლისას იუსუფ ალ-კარადაუიმ აღნიშნა, რომ ნებისმიერმა ლიბიელმა ჯარისკაცმა, რომელსაც კადაფის დახვრეტა ხელეწიფება, მოვალეა, ეს საქმე განახორციელოს. ამით ქვეყანა დიქტატორისგან გათავისუფლდება.
გავრცელებული ინფორმაციით, პირდაპირ ეთერით იუსუფ ალ-კარადაუის გამოსვლა უბრალო კომენტარი არ ყოფილა, არამედ ეს გახლდათ რელიგიური მოწოდება.
ამასთან, ეგვიპტის მუსლიმანთა ლიდერმა მოუწოდა სამხედროებს, არ შეასრულონ ბრძანება და საკუთარ ხალხს არ ესროლონ. მანვე ურჩია დიპლომატებს, კადაფის რეჟიმისგან დისტანცირება შეინარჩუნონ.
ალ-კარადაუიმ მსოფლიო საზოგადოებრიობა ლიბიაში მომხდარი სისხლისღვრის იგნორორებაშიც დაადანაშაულა. მისი თქმით, მსგავსი რამ რომ მომხდარიყო ევროპაში ან თუნდაც ისრაელში, მთელი მსოფლიოს განსჯის საგნად იქცეოდა. თუმცა ლიბიელთა მასობრივმა დახოცვამ ასეთი რეაქცია არ გამოიწვია.
ალ-კარადაუის უკმაყოფილების მიუხედავად, გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა ლიბიაში მომხდარი არეულობის გამო შეშფოთება გამოხატა და ხელისუფლებას სისხლისღვრის შეჩერებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, 22 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭო ამ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას განიხილავს.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა სისხლისღვრის შეჩერებისკენ მოუწოდა ლიბიელებს.
შეგახსენებთ, მუამარ კადაფის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ლიბიაში 16 თებერვალს დაიწყო. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით, არეულობას ლიბიაში 300-400 ადამიანი შეეწირა.