ნეპალში, ჩინეთის საზღვართან, მეწყერის ჩამოწოლით გამოწვეული კატასტროფული წყალდიდობის შედეგად, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 165 ადამიანი დაიღუპა, 1500-მდე ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა. ნეპალის ხელისუფლების ინფორმაციით, ნეპალში დაკარგულ 826 ადამიანს შორის თითქმის 600 უცხოელია. ტიბეტის ტერიტორიაზე 550-ზე მეტი ადამიანი ითვლება დაკარგულად, მათ შორის 260 უცხოელი. იუწყება Reuters
კატასტროფული წყალდიდობის მიზეზი შესაძლოა მთის მდინარეში ჩავარდნილი ყინულის უზარმაზარი მასა გამხდარიყო.
ნეპალის პოლიციის განცხადებით, ხუთშაბათს დილით, სტიქიიდან ერთი დღის შემდეგ, ქვეყნის სხვადასხვა რაიონში 162 ცხედარი იპოვეს. მათგან 64 ჩიტვანის რაიონში, მდინარის დინების ქვემოთ მდებარე ტერიტორიებზე აღმოაჩინეს, კიდევ 26 კი - აღმოსავლეთ ნავალპარასიში.
ასობით ადამიანის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია. მათ შორის 28 პოლიციელია.
ოთხშაბათს, სტიქიიდან რამდენიმე საათში, ნეპალის პოლიციამ განაცხადა, რომ დაკარგულად 579 ტურისტი ითვლებოდა, მათ შორის 28 ქვეყნიდან 466 უცხოელი. დაკარგულთა შორის არიან 100-ზე მეტი ნეპალისა და ამდენივე ინდოეთის მოქალაქე, ასევე აშშ-ის 54 და დიდი ბრიტანეთის 33 მოქალაქე.
ჩინური სახელმწიფო მედიის ცნობით, ხუთშაბათ დილით ტიბეტში სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, 550-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება, მათ შორის 260 უცხოელია.
სტიქიის დროს ისინი ყველა გირონგის სასაზღვრო პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ეს ჩინეთსა და ნეპალს შორის ტურისტებისა და სატრანსპორტო მიმოსვლისთვის მთავარი სასაზღვრო გამშვები პუნქტია.
ასევე, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ნეპალში სულ მცირე 53 უკრაინელი ტურისტი დაიკარგა.