ღამით რუსეთზე დრონების მასობრივი შეტევა განხორციელდა. შედეგად დაზიანდა და ამ დრომდე იწვის Wildberries-ის ერთ-ერთი უდიდესი ლოგისტიკური ცენტრი, ასევე ხანძარია ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში.
კერძოდ, ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში დრონები Wildberries-ის საწყობს დაესხნენ თავს და მას ცეცხლი გაუჩნდა. სოციალურ ქსელებში მასშტაბური ხანძრის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები ვრცელდება.
თავდასხმა ადგილობრივმა ხელისუფლებამაც დაადასტურა.
„უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის ფართობი 100 ათას კვადრატულ მეტრზე მეტია“, - განაცხადა გუბერნატორმა.
კომპანიაშიც განაცხადეს, რომ „საქონლის მიწოდება არ ხორციელდება“. შემთხვევის ადგილიდან გავრცელებული კადრების მიხედვით, საწყობი მთლიანად განადგურებულია.
მონიტორინგის არხების ინფორმაციით, კოტოვსკში მდებარე Wildberries-ის ობიექტი ცენტრალურ რუსეთში ერთ-ერთი მთავარი ლოგისტიკური ცენტრია. მან მუშაობა 2025 წელს დაიწყო, ხოლო სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ 54 მილიონამდე ერთეული პროდუქციის შენახვა უნდა უზრუნველეყო.
გარდა ამისა, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში განხორციელდა და მას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, მრავალი აფეთქებისა და დარტყმის ხმა ისმოდა. ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი და ძლიერი დაკვამლიანებაა.
Exilenova+-ის ინფორმაციით, საუბარია „ლუკოილ-ნიჟეგოროდნეფტეორგანსინთეზზე“ -რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
მედიის ცნობით, საწარმოს საპროექტო სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 17 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავებას შეადგენს. ქარხანა აწარმოებს საავტომობილო ბენზინს, დიზელისა და საავიაციო საწვავს, საპოხ მასალებსა და ნავთობპროდუქტების სხვა სახეობებს.
საწარმო მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსეთის ეკონომიკისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების საწვავით მომარაგებაში, რადგან მისი პროდუქცია, მათ შორის საავიაციო და დიზელის საწვავი, რუსული ძალების საჭიროებების უზრუნველსაყოფად გამოიყენება.