ლიბიის დედაქალაქში ბრძოლას ელიტური ჯარი და დაქირავებულები აწარმოებენ, ავიაციას ამბოხებულებზე იერიში მიაქვს და ბომბავს. ბენგაზში განადგურებულია აეროპორტი. კადაფმა კი იმ სამხედროების დახვრეტის ბრძანება გასცა, რომლებიც ხალხის მიმართულებით სროლაზე უარს იტყვიან.
"ლიბიის არმიის ელიტური დანაყოფები და აფრიკელი დაქირავებულები ქალაქ ტრიპოლის საცხოვრებელ კვარტლებში სპეცოპერაციებს ატარებენ. მოსახლეობას პირდაპირ ნაღმმტყორცნებიდან ესვრიან. ამის პარალელურად ლიბიის სამხედრო საჰაერო ძალები საცხოვრებელ კვარტლებს ბომბავენ. ლიბიის ლიდერმა მუამარ კადაფმა ბრძანება გასცა დაეხვრიტათ პილოტები, რომლებმაც მისი ბრძანების შესრულებაზე უარი თქვეს. ოფიცერთა კორპუსში უკვე ჩატარებულია მრავალრიცხოვანი დაპატიმრებები," - ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "ალ-ჯაზირა" ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, განადგურებულია ქალაქ ბენგაზის აეროპორტიც ასაფრენ დასაფრენი ბილიკების ჩათვლით. ტრიპოლში მდებარე აეროპორტში ჯერჯერობით ხელუხლებელია. ავიაცია ცდილობს ხელი შეუშალოს ტრიპოლში მომავალ მანიფესტანტებს, რომლებიც აღმოსავლეთ პროვინციებიდან მოემართებიან.
ქალაქებში ტაჯურში, ფაშლუმში და სუ ალ ჯუმააში სახალხო ამბოხების ჩახშობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა განუზომლად დიდია. საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, ტრიპოლში ჯერ კიდევ დაბომბვების დაწყებამდე დაღუპული 500-მდე ადამიანი იყო. დაჭრილთა რაოდენობა, წინასწარი ინფორმაციით, 4 ათას ადამიანს აჭარბებს.
ვრცელდება ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამბოხებულთა მხარეს შეიარაღებული ნაწილების სულ უფრო მეტი რაოდენობა გადადის. ამბოხებულებმა უკვე აიღეს ქალაქები თობრუკი და სირტი. ლიბიისა და ეგვიპტის საზღვარზე გაშლილია სამხედრო საველე ჰოსპიტალი, სადაც დაჭრილები გადაჰყავთ.
ამავე დროს ხელისუფლება მშვიდობიანი მოსახლეობის დახვრეტის ფაქტებს კატეგორიულად უარყოფს. კადაფის უფროსმა ვაჟმა ტელეეთერით გამოსვლისას განაცხადა, რომ ავიაციამ მხოლოდ იარაღის საწყობები დაბომბა, იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინათ იარაღის ამბოხებულების ხელში გადასვლა. მან კატეგორიულად უარყო ხალხის დახვრეტის ფატი.
აღსანიშნავია, რომ კადაფი ლიბიას უკვე 42 წელი მართავს. ლიბიის წარმომადგენელმა გაეროში იბრაგიმ დაბაშმა ხელისუფლების მოქმედებას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული უწოდა და განაცხადა, რომ კადაფმა საკუთარ ხალხს სრულმასშტაბიანი და დაუნდობელი ომი გამოუცხადა.
ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ არმია ხოცავს ქალებსაც, რომლებიც სახლის აივნებზე იმყოფებიან. გათიშულია ელექტროენერგია და წყალი. არის მედიკამენტებისა და საკვები პროდუქტების დეფიციტი. სატელეფონო კავშირი არ არსებობს. საერთაშორისო სააგენტოების ინფორმაციით, ასობით გარდაცვლილს საერთო ორმოებში მარხავენ.