დიდი ბრიტანეთი უკრაინას Storm Shadow რაკეტების წარმოების ტექნოლოგიებს მიაწვდის.
ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა კიევში “მსურველთა კოალიციის” სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
„დიდი ბრიტანეთი პირველი იყო, ვინც უკრაინას 2023 წელს შორეული მოქმედების იარაღი გადასცა. ახლა ვოლოდიმირმა გვთხოვა, გაგვეზიარებინა ჩვენი Storm Shadow-ს ტექნოლოგია, რათა უკრაინამ შეძლოს ამ შესაძლებლობების დამოუკიდებლად განვითარება. მოხარული ვარ, დღეს დავადასტურო, რომ ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილე და რომ ბრიტანეთისა და საფრანგეთის თავდაცვის მრეწველობა ახლა უკრაინასთან ერთად იმუშავებს ამ შესაძლებლობების განვითარებაზე, ასევე მადლობას ვუხდით პრეზიდენტ მაკრონსა და მის კოლეგებს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
ბერნემმა ასევე ხაზი გაუსვა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობას, განსაკუთრებით ზამთრის მოახლოების წინ. მისი თქმით, რუსეთს „მოქმედების ვარიანტები ეწურება“, ხოლო ვლადიმირ პუტინი ახლა იმედოვნებს, რომ გამარჯვებას ტერორის კამპანიით მიაღწევს და უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბალისტიკურ რაკეტებს გამოიყენებს.
ბრიტანეთის პრემიერის თქმით, რუსეთის მიერ რაკეტების გაშვება სანქციებისა და უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის გზით უნდა შეჩერდეს. მან ასევე მოუწოდა ბრიტანულ ინდუსტრიას, მხარი დაუჭიროს ანტისარაკეტო პროექტ Frejya-ს, რომელიც Patriot-ის უფრო იაფ ალტერნატივას შექმნის.
თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა „მსურველთა კოალიციის“ ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა, რომ თვალს მიადევნებს უკრაინის ზამთრისთვის მოსამზადებლად გადადგმულ ნაბიჯებს.