უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სპეციალური გაცვლის ფარგლებში, 24 აგვისტოს, უკრაინაში კიდევ 10 სამხედრო დააბრუნეს.
ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს, გაცვლის სპეციალური ეტაპის ფარგლებში, 10 ჩვენი მებრძოლი დავაბრუნეთ - ბელარუსის გავლით“, - წერს ზელენსკი.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში დააბრუნეს უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დონეცკის მიმართულებაზე ქვეყნის დაცვისთვის იბრძოდნენ.
„ისინი ყველა უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი დაბრუნება შევძელით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ყოველდღიურად მუშაობს ხალხის დაბრუნებაზე.
„ჩვენ გვახსოვს თითოეული ადამიანი, რომელიც ტყვეობაში რჩება. თითოეულ გვარს ვეძებთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისინი გავათავისუფლოთ და სახლში დავაბრუნოთ,“ -განაცხადა ზელენსკიმ.