22 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის კრასნოდარის მხარეში, ეისკის ნავთობტერმინალის კომპლექსში, საწვავ-საპოხი მასალების რეზერვუარებზე იერიში მიიტანეს, რის შემდეგაც ობიექტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.
ობიექტისთვის მიყენებული ზიანის მასშტაბი ზუსტდება.
ეისკის ნავთობტერმინალის კომპლექსი აზოვის ზღვის ტაგანროგის ყურეში მდებარე ეისკის საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურის ნაწილია. ის უზრუნველყოფს ნავთობპროდუქტების მიღებას, შენახვასა და საზღვაო ტრანსპორტზე გადატვირთვას.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, პორტის სატვირთო ტერმინალების გამტარუნარიანობა წელიწადში დაახლოებით 6,8 მილიონ ტონა ტვირთს შეადგენს, საიდანაც 1 მილიონ ტონაზე მეტი თხევად ტვირთებზე, მათ შორის ნავთობპროდუქტებზე, მოდის.
გენერალურ შტაბში აღნიშნეს, რომ ობიექტი რუსეთის არმიის მომარაგებისთვის გამოიყენება.
შეგახსენებთ, ამავე დღეს უკრაინულმა დანაყოფებმა რუსეთის სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და რეგიონში მდებარე ლოგისტიკურ ჰაბზეც მიიტანეს იერიში.