უკრაინულმა დანაყოფებმა რუსეთის სამარის ოლქში მდებარე ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და რეგიონში არსებულ ლოგისტიკურ ჰაბზე იერიში მიიტანეს. ასევე დადასტურდა ოკუპირებულ ყირიმში, „საკის“ აეროდრომზე, რუსული Су-24М ტიპის თვითმფრინავის განადგურება.
ამის შეასხებ ზელენსკი Facebook-ზე წერს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 1 000 კილომეტრში მდებარეობს და რუსეთს საექსპორტო შემოსავლებს მოუტანს, რომლებიც ომის დასაფინანსებლად გამოიყენება.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში არსებული საშუალებები გამოიყენეს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
გარდა ამისა, დადასტურდა „საკის“ აეროდრომზე Су-24М ტიპის თვითმფრინავისა და ოთხი ერთეული აეროდრომის ტექნიკის განადგურება.
"გასული 24 საათის განმავლობაში ჩვენმა დანაყოფებმა ფრონტის ხაზიდან 1 000 კილომეტრში მდებარე ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს - ეს საექსპორტო შემოსავლებიდან მიღებული მილიონობით დოლარია, რომელიც სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენება. ასევე, დარტყმა განხორციელდა სამარის ოლქში მდებარე ლოგისტიკურ ჰაბზე. ჩვენმა ძალებმა დარტყმები შავ ზღვაშიც განახორციელეს.
დადასტურებულია წინა დარტყმების შედეგებიც: „საკის“ აეროდრომზე განადგურდა Су-24М ტიპის თვითმფრინავი და ოთხი ერთეული აეროდრომის ტექნიკა, ხოლო ბრიანსკის ოლქში მწყობრიდან გამოვიდა დრონების მართვის სარელეო სადგურები, რომლებსაც ოკუპანტები უკრაინის მშვიდობიან ქალაქებსა და სოფლებზე დრონების გასამიზნად იყენებენ.
მადლობა უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა მებრძოლს ხარისხიანი მუშაობისთვის და რუსეთის სტრატეგიული ზურგის ჩამოსაშლელად გაწეული ძალისხმევისთვის.", - წერს ზელენსკი.
უკრაინის გენერალურმა შტაბმაც დაადასტურა 22 აგვისტოს ღამით ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებული დარტყმა და განაცხადა, რომ საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ქარხნის სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 8,8 მილიონი ტონა ნავთობია. ის, მათ შორის, საავტომობილო და საავიაციო საწვავს, ასევე დიზელის საწვავს აწარმოებს..