გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული კიევში ვიზიტით ჩავიდა. ვიზიტის მიზანს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითადი საკითხები განხილვა წარმოადგენს.
როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ვადეფულმა აღნიშნა, რომ სურს, პირადად შეაფასოს უკრაინაში არსებული ვითარება და განიხილოს მოახლოებული ზამთრისთვის მზადება, მათ შორის ის, თუ რისი გაკეთება შეუძლია გერმანიას უკრაინის დასახმარებლად.
„მე შეგნებულად გადავწყვიტე, უკრაინის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავის აღნიშვნის დღეებში აქ ჩამოვსულიყავი, რათა კიდევ ერთხელ დამედასტურებინა გერმანიის შემდგომი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, - განაცხადა მინისტრმა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთი მიზანმიმართულად ესხმის თავს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, რათა გაანადგუროს ადამიანებისთვის ნორმალური ცხოვრების პირობები და გატეხოს მათი წინააღმდეგობის ნება.
„ზაფხულის არდადეგები, რომელიც მთელი ევროპის მოსახლეობისთვის წლის ყველაზე მშვენიერი პერიოდია, უკრაინის მშვიდიბიანი მოსახლეობისთვის ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მომაკვდინებელი აღმოჩნდა. რუსეთს აქამდე არასდროს გაუშვია ამდენი რაკეტა“, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, ვადეფული ვიზიტის ფარგლებში ტექნიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას, კერძოდ, უპილოტო სისტემების ერთობლივ განვითარებას, ასევე უკრაინასა და გერმანიას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას განიხილავს.
„ჩვენ უკრაინისგან ვსწავლობთ. ძნელად თუ მოიძებნება სხვა ქვეყანა, სადაც ასეთი ინიციატივა და ინოვაციები ყოველდღიურად გამოიყენება. ამიტომ ჩემი ვიზიტი ასევე დაეთმობა ჩვენს ტექნიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას, მაგალითად, უპილოტო სისტემების ერთობლივი განვითარების მიმართულებით“, – აღნიშნა გერმანიის მინისტრმა.