კრივი რიჰში, რუსეთის თავდასხმის შედეგად სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის დაკარგულად მიიჩნევა 9 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. დაღუპულია 15 და დაშავებულია 130 ადამიანი. იუწყება უკრაინული მედია.
ქალაქის თავდაცვის საბჭოს ხელმზღვანელის ოლექსანდრ ვილკულის განცხადებით, სავაჭრო ცენტრის შენობაში გაჩენილი ხანძრის სრულად ლიკვიდირება გუშინ, დაახლოებით 23:00 საათისთვის მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება, რომელშიც მაშველები, მედიკოსები, სამართალდამცველები და საქალაქო სამსახურების თანამშრომლები მონაწილეობენ.
„ჯერ კიდევ არიან დაკარგულები. დაშავებულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. ამ დროისთვის მათი რაოდენობა უკვე 130-ს შეადგენს, მათ შორის 23 ბავშვია. 29 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის ხუთი ბავშვის. საავადმყოფოებში 63 დაშავებული იმყოფება, მათ შორის 14 ბავშვი. ყველა დაშავებულს საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდება. სამწუხაროდ, დაღუპულია უკვე 15 ადამიანი. მათგან ორი საავადმყოფოში გარდაიცვალა“, - განაცხადა ვილკულმა.
საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ ჰანჯა სინფორმაციით, 9 ადამიანი დაკარგულია . მათ შორის ორი ბავშვია.
ვილკულმა ასევე განაცხადა, რომ დაახლოებით 22:00 საათზე რუსეთის ძალებმა კრივი რიჰზე მორიგი თავდასხმა სცადეს. ქალაქში საჰაერო თავდაცვის ძალების მუშაობის ხმა ისმოდა და მტრის საჰაერო სამიზნე განადგურდა.