ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები ლიბიის ხელისუფლებას დემონსტრანტებზე ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. საგარეო უწყების ხელმძღვანელები გმობენ განხოციელებულ ძალადობას და ქვეყნის ხელისუფლებას დიალოგის დაწყებას ურჩევენ. შესაბამისი განცხადება ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა უმაღლესმა კომისრმა კეტრინ ეშტონმა გააკეთა.
"მოვუწოდებთ, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყვენების შეწყვეტისკენ და მხარეებს კი გამოიჩინონ თავშეკავებულობა", - განაცხადა ეშტონმა.
ეშტონმა ლიბიის ხელისუფლებას ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ პოლიციის ძალები ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ბენგაზში ამბოხებულების მხარეს გადავიდნენ, ქალაქი მთლიანად ამბოხებულების ხელშია. არეულობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა უკვე 300-ს აღწევს. შეტაკებები ხდება ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლშიც. ტრიპოლი ქვეყნის მმართველ მუამარ კადაფის მთავარ დასაყრდენ ქალაქს წარმოადგენს.
ამბოხებულები მუამარ კადაფის ხელისუფლების დამხობას მოითხოვენ, რომელიც ქვეყნის სათავეში უკვე 42 წელია იმყოფება.
ძლიერი ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქციები ლიბიაში 15 თებერვალს დაიწყო. ხელისუფლებამ მანიფესტაციები ძალის გამოყენებით დაშალა, თუმცა ხალხი ქუჩებში კვლავ გამოდის. ლიბიის უშიშროების ძალები დემონსტრანტების წინააღმდეგ მძიმე ტექნიკას, ცეცხლსასროლ ავტომატურ იარაღებსა და დანებს იყენებენ.
ოპოზიციას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა ქვეყნის ლიდერის შვილმა, თუმცა ამ შეთავაზებას ოპოზიცია არ თანხმდება. ქვეყნის მმართველი მუამერ კადაფი მთავრობაში 1969 წელს სამხედრო გადატრიალების შედეგად მოვიდა. დემონსტრანტები მუამერ კადაფის 42-წლიანი მმართველობის დასრულებას ითხოვენ.