უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა, რომ ტელეფონით ესაუბრა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის. საუბრისას მან განმარტა უკრაინის პოზიცია და კოლეგას კონფლიქტის ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ირანმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კასპიის ზღვაში ირანულ სავაჭრო გემზე თავდასხმაში დაადანაშაულა.
„დიპლომატია პირდაპირ დიალოგს ნიშნავს, მაშინაც კი, როცა ის რთულია. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენი მიზანია თავიდან ავიცილოთ არასაჭირო ესკალაცია. კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ უკრაინის ყველა მოქმედება მიმართულია მხოლოდ ჩვენი ქვეყნის რუსეთის აგრესიისგან დასაცავად და არასოდეს ისახავდა მიზნად სამოქალაქო გემებზე ან ადამიანებზე თავდასხმას. ეს ეხება ასევე ირანის განცხადებებს მათი მოქალაქის დაღუპვისა და ერთ-ერთი ბოლო ინციდენტის დროს სამოქალაქო გემის დაზიანების შესახებ“, - დაწერა სიბიგამ სოციალურ ქსელ X-ში.
მისი თქმით, უკრაინის მიზანია რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რადგან სწორედ რუსეთი წარმოადგენს ყველა მსგავსი ინციდენტის პირველმიზეზს და სწორედ მას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ყველა პროვოკაციასა და მსხვერპლზე.
„ხაზი გავუსვი ორ ქვეყანას შორის ესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯისგან თავის შეკავების აუცილებლობას. უნდა შეწყდეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ნებისმიერი მხარდაჭერა . ეს ომი უკანონოა და უნდა დასრულდეს. ჩვენი პოზიცია უცვლელია: ევროპაც და ახლო აღმოსავლეთიც იმსახურებენ სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და მშვიდობას“, - დასძინა სიბიჰამ.