საბჭოთა კავშირის ექს-პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა ისეთი პერსონების დახმარებით, როგორებიც არიან არნოლდ შვარცნეგერი და კატრინ დენევი დააარსა საერთაშორისო პრემია - "ადამიანი რომელმაც შეცვალა სამყარო". ეს განცხადება მიხეილ გორბაჩოვის თანაშემწემ პაველ პალაჟენკომ დღეს მოწყობილ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, ყოველწლიურად "გორბაჩოვის პრემიით დაჯილდოვდებიან ის ადამიანები, რომლებმაც უნიკალური წვლილი შეიტანეს თანამედროვე ცივილიზაციის, კულტურის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებაში, ასევე გლობალური მასშტაბის პროექტების ავტორები".
მალაშენკო ასევე აცხადებს, რომ - "ჯილდო ცდება არსებული პრემიალური ფორმატის ჩარჩოებს".
"პრემია არ არის აკადემიური და მიუწვდომელი. იგი ღიაა ყველასათვის", _ განაცხადა მან. გარდა გორბაჩოვის ფონდისა, ამ პრემიით თანადამაარსებლები არიან მსოფლიოს ნობელის პრემიის ლაურეატების ფორუმი, საერთაშორისო მწვანე ჯვარი, რომელსაც ასევე გორბაჩოვი ხელმძღვანელობს და ახალი პოლიტიკის ფორუმი.
ჯილდო სამ ნომინაციაში იქნება დაწესებული. ნომინანტები მოსკოვში 10 მარტს დასახელდებიან. დაჯილდოების პირველი ცერემონიალი კი 30 მარტს ლონდონის სამეფო ალბერტ ჰოლში გაიმართება, გრანდიოზული საქველმოქმედო გალა-კონცერტის ფარგლებში, რომელიც მიხეილ გორბაჩოვის იუბილეს მიეძღვნება.
მასალის გამოყენების პირობები