უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პარლამენტს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ევჰენი ხმარას კანდიდატურას წარუდგენს. ამჟამად ხმარა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს, პრეზიდენტის დავალებით უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობას შეასრულებს.
ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში განაცხადა.
„ევჰენი ხმარას დავავალე, შეასრულოს მინისტრის მოვალეობა, გააგრძელოს თავდაცვის სფეროს რეფორმირება და უზრუნველყოს უკრაინისთვის ყველა ის შედეგი, რომელზეც ვსაუბრობდით.
მას შემდეგ, რაც აუცილებელი სამართლებრივი პროცედურები დასრულდება, პარლამენტის წევრებს მივმართავ თხოვნით, მხარი დაუჭირონ ევჰენი ხმარას კანდიდატურას უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ის შეხვდა ხმარას და აღნიშნა, რომ მას აქვს „სტრატეგიული ხედვა, თუ როგორ უნდა იმოქმედოს უკრაინამ აქტიურად მომავალშიც - საკუთარი დამოუკიდებლობის დასაცავად და რუსეთის დიპლომატიისკენ იძულებისთვის“.
მისი თქმით, ხმარამ დიდი გამოცდილება მიიღო ტექნოლოგიური დარტყმითი ოპერაციების განხორციელებაში.
„სწორედ ამაზე უნდა იყოს ორიენტირებული ჩვენი თავდაცვა ამ ომში“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
„ვფიქრობ, დღევანდელ პირობებში მნიშვნელოვანი უპირატესობა იქნება შორი მოქმედების შესაძლებლობებში რეალური ეფექტიანობა, უსაფრთხოების მიმართულებით ძლიერი მუშაობა, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში ვითარების კონტროლის უზრუნველყოფა და ადამიანების მართვის გამოცდილება, რომელიც ევჰენი ხმარას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრ „ალფაში" აქვს მიღებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.