ლიბიაში შეტაკებები ქვეყნის სამხედრო ძალებსა და დემონსტრანტებს შორის დღესაც გაგრძელდა.
ქალაქ ბენგაზში, შეტაკებების დროს დაღუპული ადამიანების სამგლოვიარო პროცესიის დროს ქვეყნის უშიშროების ძალებმა პროცესიის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს. როგორც ადგილობრივი მედიკოსები ამბობენ, დღევანდელი შეტაკების შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 14 დაშავდა.
როგორც "ასოსიეიტიდ პრესი" იუწყება, მუამარ კადაფის მთავრობამ ჯარისკაცები დემონსტრანტების წინააღმდეგ საბრძოლველად ცეცხლსასროლი იარაღებით, მძიმე ტექნიკითა და დანებით მოამარაგა.
ტუნისისა და ეგვიპტის რევოლუციების შემდეგ საპროტესტო მუხტი სწრაფად აგორდა ბაჰრეინში, ქუვეითში, ალჟირში, ლიბიასა და მაროკოში. ყველაზე სასტიკი რეპრესიები ლიბიაში ხდება. კადაფის მთავრობა აქციების დაწყების შემდეგ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლს სისტემატიურად ხსნის, რამაც ბოლო მონაცემებით 200 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
დემონსტრანტების მუამერ კადაფის 42 წლიანი მმართველობის დასრულებას ითხოვენ.