რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ("ნორსი“) 2 ივლისიდან ნავთობის გადამუშავება შეაჩერა. ინფორმაციას The Moscow Times-ი Reuters-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქარხანა, რომელიც რუსეთში სიმძლავრით მეოთხე ადგილზეა და ბენზინის წარმოებით მეორეა, დრონებით შეტევის შედეგად დაზიანდა. გავრცელებული ცნობებით, დარტყმისას დაზიანდა პირველადი გადამუშავების მთავარი დანადგარი АВТ-6, რომელიც საწარმოს სიმძლავრის დაახლოებით 53%-ს უზრუნველყოფდა.
გარდა ამისა, 24 ივნისს დრონით შეტევის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა კიდევ ერთი დანადგარი - АВТ-5, რომელიც ქარხნის სიმძლავრის დაახლოებით 25%-ს შეადგენს.
ამ ფონზე, ქარხანამ შეწყვიტა ბენზინისა და დიზელის საწვავის საბითუმო გაყიდვები სანქტ-პეტერბურგის სასაქონლო ბირჟაზე.
"ნორსის“ წლიური გადამუშავების სიმძლავრე 15 მილიონ ტონა ნავთობამდეა, ხოლო ბენზინის წარმოება - დაახლოებით 5 მილიონ ტონამდე.
ამავე ინფორმაციით, ეს უკვე მეხუთე მსხვილი რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელმაც ივნისის შემდეგ მუშაობა შეაჩერა. მანამდე წარმოება შეაჩერეს მოსკოვის, „ტანეკოს“, კუიბიშევის და ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა.
უკრაინული დრონების შეტევების ფონზე, მარტის შემდეგ რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე არაერთი დარტყმა განხორციელდა. Energy Intelligence-ის შეფასებით, ივნისში ქვეყანაში ნავთობის გადამუშავება წლიურად 25%-ით შემცირდა და ბოლო ორ ათწლეულზე მეტი პერიოდის მინიმუმამდე დაეცა.
ექსპერტების თქმით, დაზიანებული ქარხნების სრულად ამუშავება მოკლევადიან პერიოდში ნაკლებად მოსალოდნელია, რის გამოც წარმოების მოცულობა უახლოეს პერიოდში დაბალ ნიშნულზე დარჩება.