შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა მიუსაფარ ძაღლს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიუსაფარი ცხოველი თავშესაფარშია გადაყვანილი.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო მისი პირადი ჩხრეკისას დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.