უკრაინამ მიაღწია შესაძლებლობას, აწარმოოს ისეთი მოცულობის მაღალტექნოლოგიური შეიარაღება, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთის შესაძლებლობებს გადააჭარბებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, კრაინული შეიარღების მწარმოებლებთან ერთად იმსჯელეს, რა სჭირდება სახელმწიფოს - ადმინისტრაციული გადაწყვეტილებებისა და დაფინანსების კუთხით, იმისთვის, რომ უკრაინის ყველა სამხედრო შესაძლებლობა მაქსიმალურად გაიზარდოს და რუსეთზე, მათ შორის ფრონტზე და ომის გაგრძელების შესაძლებლობაზე, უფრო ძლიერი ზეწოლა განხორციელდეს.
„მნიშვნელოვანი მიღწევაა ჩვენი სახელმწიფოსა და იარაღის მწარმოებლებისთვის: უკრაინამ მიაღწია შესაძლებლობას, აწარმოოს ისეთი მოცულობის მაღალტექნოლოგიური შეიარაღება, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთის შესაძლებლობებს გადააჭარბებს. სწორედ ამ საკითხს დაეთმო დღეს განსაკუთრებული ყურადღება“, - დაწერა ზელენსკიმ Telegram-ში.
ზელენსკის განცხადებით, საუბარი შეეხო უკრაინული წარმოების ყველა ტიპის დრონებს, სახმელეთო რობოტულ კომპლექსებს, სარაკეტო პროგრამას, რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებსა და სხვა სამხედრო ტექნიკას.
სხდომის დასრულების შემდეგ ზელენსკიმ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს დაავალა პარტნიორებთან იმუშაონ დამატებითი დაფინანსების მოსაზიდად, რომელიც უკრაინაში შეიარაღების წარმოებას მოხმარდება.
„პარტნიორებთან კონკრეტულ შედეგებსა და შეთანხმებებს ველოდები. უკრაინული სამხედრო წარმოების დაფინანსება ნიშნავს ინვესტიციას რუსეთის მშვიდობისკენ იძულებაში და ეს ჩვენმა პარტნიორებმა საერთო მიღწევად უნდა აღიქვან“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე ისაუბრა „უკრაინული შორო და საშუალო მანძილზემოქმედების სანქციების გეგმის“ შესრულებაზე. მისი თქმით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ რუსეთის ომის წარმოების შესაძლებლობების შეზღუდვა პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად ფართოდ იგრძნობენ რუსეთის მოქალაქეები, რომ ომი მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას.
„უკრაინა გააგრძელებს პოლიტიკას, რომელიც ოკუპანტისთვის ოკუპაციის ფასს ზრდის და რუსეთს ომის დაფინანსების შესაძლებლობებს უზღუდავს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.