უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა, რომ 3 ივლისს ვარშავაში პოლონელ კოლეგასთან, რადოსლავ სიკორსკისთან შეხვედრის შემდეგ, მისგან მიიღო გარანტია, რომ პოლონეთი უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერას გააგრძელებს.
სიბიჰას განცხადებით, შეხვედრაზე მან პოლონურ მხარეს ფრონტის ხაზზე არსებული ვითარებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებული შორი მოქმედების ეფექტიანი დარტყმების შესახებ.
„მივიღე გარანტია, რომ პოლონეთი უცვლელად გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში“, - განაცხადა სიბიჰამ.
მისი თქმით, მხარეებმა ასევე დეტალურად განიხილეს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის პერსპექტივები და აზრები გაცვალეს ნატო-ს მომავალ სამიტთან დაკავშირებით.
შეხვედრა გაიმართა უკრაინასა და პოლონეთს შორის ურთიერთობებში დაძაბულობის ფონზე, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის გადაწყვეტილებას მოჰყვა. ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სახელმწიფო ჯილდო - „თეთრი არწივის“ ორდენი ჩამოართვა მას შემდეგ, რაც უკრაინულ სამხედრო ქვედანაყოფს უკრაინის ამბოხებულთა არმიის“ გმირების სახელი მიანიჭა. პოლონური მხარისთვის აღნიშნული ორგანიზაცია, მეორე მსოფლიო ომის დროს ვოლინის ტრაგედიასთან ასოცირდება.