ლიბიელმა სამართალდამცველებმა, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ბენგაზში, ანტი- სახელისუფლებო აქციის მონაწილეებს ავტომატური და მსხვილკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღებიდან ცეცხლი გაუხსნეს.
როგორც BBC იუწყება, დაღუპულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვებიც.
თვითმხილველების თქმით, დემონსტრანტების წინააღმდეგ სხვადასხვა შენობების სახურავებიდან სროლას სნაიპერებიც ახორციელებდნენ. ადგილობრივი საავადმყოფოების ექიმები აცხადებენ, რომ ასობით მშვიდობიანი მოქალაქეა გუშინდელი სროლის შედეგად კლინიკებში გადაყვანილი.
ლიბიაში ანტი-სახელისუფლებო აქციები რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს. დემონსტრანტები ქვეყნის ლიდერ მუამარ კადაფის 42-წლიანი მმართველობის დასრულებას ითხოვენ.
ლიბიაში მიმდინარე მღელვარება ამ რეგიონში მდებარე რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარე ანტისახელისუფლებო აქციებს დაემთხვა.
როგორც ცნობილია, ერთი კვირის წინ, თანამდებობა დატოვა ეგვიპტის ლიდერმა ჰოსნი მუბარაქმა და ხელისუფლება არმიას ჩააბარა. აქციები და დემონსტრაციები პოლიციასთან შეტაკებებით ასევე გაიმართა ალჟირში, იემენში, ბაჰრეინში, ერაყსა და იორდანიაში.