ისრაელი პალესტინის ავტონომიასთან ხმელთაშუა ზღვაში მდებარე ორი ბუნებრივი აირის საბადოს გადამუშავებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების განახლებას აპირებს.
მოლაპარაკებათა პროცესის შესაძლო განახლების თაობაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ახლო აღმოსავლეთის კვარტეტის რწმუნებულმა ტონი ბლერმა იერუსალიმში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივი აირის დამატებითი წყაროების დამუშავება, თუმცა ეს ასევე მნიშვნელოვანია პალესტინელებისათვის. ამ ადგილას საბადო პალესტინის ავტონომიას ეკუთვნის და ისრაელის საბადოსთან ძალიან ახლოსაა, ამიტომაც ამ ორ ადგილზე სამუშაოები ერთდროულად უნდა ვაწარმოოთ", _ განაცხადა ნეთანიაჰუმ და დასძინა, რომ ამ წინადადებით, შესაძლოა, პალესტინური მხარეც დაინტერესდეს.
წინასწარი ინფორმაციით, საბადოები, რომლებიც ღაზას სექტორის ნაპირების მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს, წელიწადნახევრის შემდეგ გაიხსნება.