უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა უარი თქვა პოლონეთის ორდენზე - „პოლონეთის წინაშე დამსახურებისთვის“ ოფიცრის ოქროს ჯვარზე, რომელიც 2025 წელს მიიღო.
აღნიშNული გადაწყვეტილება ბუდანოვმა პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის მიერ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის, „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის შემდეგ მიიღო
ბუდანოვის განცხადებით, უკრაინა სხვა ერებს არ კარნახობს, როგორ უნდა ასწავლონ საკუთარი ისტორია და შესაბამისად, თავადაც იტოვებს უფლებას, განსაზღვროს საკუთარი ეროვნული მეხსიერება და ღირსება.
„დარწმუნებული ვარ, რომ პოლონეთის პრეზიდენტის ეს ნაბიჯი სამართლიანობასთან კავშირში არ არის. რა სამართლიანობაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც, მაგალითად, იტალიელ ფაშისტ დიქტატორისთვის და ჰიტლერის მოკავშირე ბენიტო მუსოლინისთვის დღემდე არ ჩამოურთმევიათ „თეთრი არწივის“ ორდენი?“ - განაცხადა ბუდანოვმა.
მისივე თქმით, უკრაინა ამ მოვლენას შესაბამის შეფასებას მისცემს.
„...ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უარს ვამბობ ორდენ „პოლონეთის წინაშე დამსახურებისთვის“ - ოფიცრის ოქროს ჯვარზე, რომლითაც გასულ წელს პოლონეთის პრეზიდენტმა დამაჯილდოვა“, - განაცხადა ბუდანოვმა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ უკრაინელებიც იმავე გრძნობებს იზიარებენ და მის ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ.
შეგახსენებთ, გუშინ, ნავროცკიმ განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის შესახებ.
ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა, რომ პოლონეთს უბრუნებს მისთვის მინიჭებულ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოს მას შემდეგ, რაც კაროლ ნავროცკიმ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო.
კაროლ ნავროცკის გადაწყვეტილებას ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილ ბრძანებულება უძღოდა წინ, რომლის მიხედვითაც უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ სამხედრო ქვედანაყოფს „უკრაინის ამბოხებულთა არმიის“ გმირების სახელი მიენიჭა. პოლონური მხარისთვის აღნიშნული ორგანიზაცია, მეორე მსოფლიო ომის დროს ვოლინის ტრაგედიასთან ასოცირდება. ზელენსკის „თეთრი არწივის“ ორდენი 2023 წლის აპრილში პოლონეთის იმდროინდელმა პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის გადასცა.