პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო.
ნავროცკის თქმით, „თეთრი არწივის“ ორდენი ჩვეულებრივი ჯილდო არ არის, არამედ პოლონეთის უმაღლესი ნდობის სიმბოლოა, რომელიც პოლონეთის სახელმწიფოსთან განსაკუთრებულ კავშირსა და პოლონელი ხალხის განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს.
„ასეთი სიმბოლო მოითხოვს არა მხოლოდ დამსახურებას, არამედ იმ ღირებულებების პატივისცემასაც, რომლებიც ჩვენი საზოგადოების საფუძველს წარმოადგენს. ამიტომ, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი დათამხდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ქვედანაყოფისთვის „უპა-ს გმირების“ სახელის მინიჭებას, კონსულტაციების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, პრეზიდენტ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის შესახებ,“ - განაცხადა ნავროცკიმ.
ამასთან, პოლონური მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილების ძალაში შესასვლელად საჭიროა პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის თანხმობა.
ნავროცკიმ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ არ არის მიმართული და არ ნიშნავს პოლონეთის უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგიული კურსის შეცვლას.
„ჩვენ ვუჭერდით და კვლავაც ვუჭერთ მხარს უკრაინას, რადგან ვიცით, რომ რუსეთის აგრესია საფრთხეს უქმნის პოლონეთისა და მთელი ევროპის უსაფრთხოებას. ამ შეფასებაში არაფერი შეცვლილა. რუსეთი აგრესორია, ხოლო პუტინი - დამნაშავე, რომელიც პასუხისმგებელია ომის გაჩაღებაზე, რომელიც ევროპისათვის მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მასშტაბურ შეიარაღებულ კონფლიქტად იქცა. ყოველი დაბომბილი საცხოვრებელი რაიონის, ყოველი ბავშვის, რომელსაც ომისგან გაქცევა მოუწია, და ყოველი ოჯახის უკან, რომელიც ძალადობამ დააშორა ერთმანეთს, დგას გადაწყვეტილება, რომელიც კრემლში იქნა მიღებული,“ - განაცხადა პოლონეთის ლიდერმა.