პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის შესახებ პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის გადაწყვეტილება გააკრიტიკა.
„პოლონეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი პუტინს ახარებს და ჩვენს მოკავშირეებს შოკში აგდებს. ზელენსკისა და ნავროცკის ამოცანა ვნებათაღელვის დამშვიდებაა და არა დაძაბულობის გაღვივება. ფრონტის ხაზი სხვაგან გადის,“ - დაწერა ტუსკმა სოციალურ ქსელ X-ზე.
პოლონეთის კონსტიტუციის თანახმად, თუ პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ხელს არ მოაწერს, ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევა იურიდიულ ძალაში ვერ შევა.
შეგახსენებთ, გუშინ, ნავროცკიმ განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის შესახებ.
კაროლ ნავროცკის გადაწყვეტილებას ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილ ბრძანებულება უძღოდა წინ, რომლის მიხედვითაც უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ სამხედრო ქვედანაყოფს „უკრაინის ამბოხებულთა არმიის“ გმირების სახელი მიენიჭა. პოლონური მხარისთვის აღნიშნული ორგანიზაცია, მეორე მსოფლიო ომის დროს ვოლინის ტრაგედიასთან ასოცირდება. ზელენსკის „თეთრი არწივის“ ორდენი 2023 წლის აპრილში პოლონეთის იმდროინდელმა პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის გადასცა.