ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მონტენეგროს ქალაქ ტივატში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მონტენეგროს ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა 2028 წელს რეალობად იქცეს.
ფონ დერ ლაიენის თქმით, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან გამართულ სამიტზე განიხილეს ევროკავშირსა და რეგიონს შორის კავშირების გაძლიერება, რაც არა მხოლოდ სამომავლო დაპირებაა, არამედ სტრატეგიული მიმართულება.
მისივე განცხადებით, ევროკავშირის „ზრდის გეგმა“ მნიშვნელოვანია, რადგან ის რეგიონს საშუალებას აძლევს გახსნას შიდა ბაზრის ნაწილი და გააფართოოს ბიზნესის შესაძლებლობები, რაც ინვესტიციების მოზიდვას უწყობს ხელს.
„ევროკავშირის გაფართოების გეგმა ძალზედ მნიშვნელოვანია: ჩვენ ვხსნით საერთო ბაზრის ნაწილს რეგიონის კომპანიებისთვის და ისინი იღებენ საკუთარი ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობას, ამასთან ერთად ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობასაც. სხვა საკითხია როუმინგის გაუქმება. ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია, რეფორმები კონკრეტული ინტეგრაციით დავაჯილდოოთ. ეს სამიტი გამოირჩეოდა გადაწყვეტილებითა და ერთგულებით, პროცესის ბოლომდე მიყვანის მტკიცე გადაწყვეტილებითა და ევროპული მომავლისადმი ერთგულებით. მჯერა, მონტენეგროს მიზანი, 2028 წელს ევროკავშირში გაწევრიანება, მიღწევადია. გაფართოების პროცესი ამ ოცნების რეალობად ქცევას გულისხმობს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.