რუმინეთის პორტ კონსტანცის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, რომელიც, სავარაუდოდ, საზღვაო დრონს უკავშირდება. ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს.
მედიის წყაროების ინფორმაციით, აღმოჩენილი უპილოტო აპარატი კონსტანცის პორტის სანაპიროსთან აფეთქდა.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დილით ადგილობრივი ხელისუფლება პორტის ტერიტორიაზე საგანგებო მზადყოფნის რეჟიმზე გადავიდა, მას შემდეგ, რაც იქ, სავარაუდოდ, სამხედრო დანიშნულების უპილოტო აპარატი აღმოაჩინეს.
კერძოდ, აფეთქება რუმინეთის პორტ კონსტანცის ტერიტორიაზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საზღვაო დრონი, რომელიც დღეს დილით კონსტანცის პორტში აღმოაჩინეს, დაახლოებით 10:30 საათზე თვითდეტონირდა.
უწყების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.
„რუმინული მხარის ინფორმაციით, დრონი იმ ტიპის საზღვაო უპილოტო აპარატებს მიეკუთვნება, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომში გამოიყენება. ამასთან, ხელისუფლებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული აპარატი რუმინეთის არმიის შეიარაღებაში არ ირიცხება და კავშირი არ აქვს რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ახლახან ჩატარებულ სამხედრო წვრთნებთან“, - ნათქვამია განცხადებაში.