აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში დემოკრატიული პარტიის დამაჯერებელი გამარჯვების ერთ-ერთი პოტენციური ბენეფიციარი ამერიკიდან ათასობით კილომეტრით დაშორებული უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკია. მისი მთავრობა რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას ებრძვის იმ ფონზე, როდესაც 2025 წლის იანვრიდან აშშ-ის მხარდაჭერა მცირდება. ამის შესახებ Reuters წერს.
დემოკრატიული პარტიის მრჩევლები კონგრესის ორივე პალატაში - სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში აღნიშნავენ, რომ უკრაინისთვის დახმარების გაზრდა მათი პრიორიტეტი გახდება მას შემდეგ, რაც იანვარში კონგრესის ახალი შემადგენლობა მუშაობას დაიწყებს და დემოკრატები ორივე პალატაში მნიშვნელოვან უმრავლესობას მოიპოვებენ.
თუმცა, ჯერჯერობით გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა დემოკრატები ამ გეგმის განხორციელებას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგობის პირობებში. ტრამპს კვლავ აქვს ვეტოს უფლება და, ამასთან, კონგრესის გვერდის ავლის გამოცდილებაც აქვს.
2025 წლის იანვრიდან, როდესაც დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო უფლებამოსილების მეორე ვადა დაიწყო, კონგრესს უკრაინის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტები არ მიუღია. ამ პერიოდში რესპუბლიკელები კონგრესის ორივე პალატას აკონტროლებდნენ. ტრამპის ადმინისტრაცია აჭიანურებდა და ზოგჯერ ბლოკავდა კიდეც იმ დახმარების მიწოდებას, რომლის შესახებაც გადაწყვეტილებები მის თანამდებობაზე მოსვლამდე იყო მიღებული.
ახლა დემოკრატები აცხადებენ, რომ ამ ვითარების შეცვლას აპირებენ.
როგორც დემოკრატმა სენატორმა დიკ დერბინმა, რომელიც სენატში უკრაინის მხარდაჭერის ჯგუფის დამფუძნებელია, აღნიშნა, ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების გამოყოფას აფერხებდა.
„რაც უფრო მალე შეიცვლება ეს ვითარება, მით უკეთესი“, - განაცხადა დერბინმა.
მისივე თქმით, თუ ტრამპი ამ გზით მოქმედებას გააგრძელებს, დემოკრატებმა სხვა გზები უნდა გამონახონ, რათა პრეზიდენტს კანონისა და კონსტიტუციის დაცვა აიძულონ.
„თუ ის ამ კურსის გაგრძელებას აპირებს, სხვა გზები უნდა გამოვნახოთ, რათა ვაიძულოთ, კანონი და კონსტიტუცია დაიცვას“, - აღნიშნა დერბინმა.