ანდრი სიბიჰამ მომახსენა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან კომუნიკაციის შესახებ. ჩვენ ვისწრაფვით ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ნორმალიზაციისკენ ურთიერთპატივისცემისა და ორმხრივი გაძლიერების საფუძველზე და მზად ვართ შესაბამისი ნაბიჯები გადავდგა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.
"ანდრი სიბიჰასთან ერთად მაისისა და ივნისისთვის ევროპული საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ჩვენი ამოცანები განვაახლეთ. გუნდის დონეზე აქტიურ დიალოგს ვინარჩუნებთ უნგრეთის ახალ ხელისუფლებასთან და არსებობს ურთიერთობების კონსტრუქციულად გადატვირთვის პერსპექტივა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები უნგრეთთან ორმხრივი კონსულტაციების ფორმატისთვის ემზადებიან - შედეგების იმედი მაქვს.
ასევე, მინისტრთან ერთად განვიხილეთ ევროპულ ინსტიტუტებთან მუშაობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესში კლასტერების გასახსნელად - უკრაინამ საჭირო ნაბიჯები უკვე გადადგა და მნიშვნელოვანია, პროცესებს მკაფიო ვადები ჰქონდეს.
ანდრი სიბიჰამ ასევე მომახსენა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან კომუნიკაციის შესახებ. ჩვენ ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ნორმალიზაციისკენ ურთიერთპატივისცემისა და ორმხრივი გაძლიერების საფუძველზე ვისწრაფვით და მზად ვართ შესაბამისი ნაბიჯები გადავდგათ.
ცალკეული ამოცანები განისაზღვრა რუსეთის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებსა და ამ პროცესში ევროპის შესაძლო წარმომადგენლობასთან დაკავშირებით — ამ ეტაპზე ეს საკითხები საჯარო არ არის. ჩვენ ველით, რომ ევროპა ძლიერი იქნება, და ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საერთოევროპული პოზიციები და ინტერესები, ისევე როგორც უკრაინის ინტერესები, გათვალისწინებული იყოს", - წერს ზელენსკი.