დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებში მყოფი პატიმრები გრძელვადიანი პაემნებით სარგებლობას, სავარაუდოდ, 2014 წლიდან შეძლებენ.
როგორც დღეს "პატიმართა კოდექსში" ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ განაცხადა, დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პატიმრების საკითხი "პატიმართა კოდექსში" შესაძლებელია გარდამავალი დებულების სახით ჩაიდოს.
კომიტეტის წევრის, დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძის შეფასებით, დღევანდელი კანონპროექტი დახურული ტიპის ციხეებში მყოფი პატიმრების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომაა.
"როდესაც კანონპროექტის ავტორების საუბრობენ, რომ უვადო პატიმრების მიმართ აუცილებელია ჰუმანური მიდგომა და ისინი გრძელვადიანი პაემნებით უნდა სარგებლობდნენ, მათგან არაფრით განსხვავდებიან ის პატიმრები, რომლებსაც 30-40 წელი აქვს მისჯილი. გაუგებარია, მათ რატომ არ შეიძლება ისარგებლონ", - აღნიშნა კომიტეტის სხდომაზე ლორთქიფანიძემ.
მისი თქმით, პაემანის ღირებულება სოციალურად დაუცველი ფენებისთვის ხელმიუწვდომელია და აუცილებელია მისი შემცირება.
"ცინიკურად ჟღერს, როცა გრძელვადიანი პაემნების ინფრასტრუქტურის "ვარსკვლავებზე" საუბრობენ, უკეთესი იქნებოდა უფრო დაბალი "ვარსკვლავები" ჰქონოდა და ფასი - ხელმისაწვდომი", - დასძინა დეპუტატმა.
თორდიას განმარტებით, ფასის შემცირება ვერ მოხდება, რადგან ის მომსახურების საფასურზეა გათვლილი.