უკრაინასთან ომში „გარდაუვალი გამარჯვების“ შესახებ კრემლის განცხადებების მიუხედავად, რუსული არმია ფრონტზე ფაქტობრივად გაიჭედა. როგორც The New York Times წერს, რუსულმა ძალებმა ჯერ კიდევ ვერ გადაჭრეს თანამედროვე ომის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა - როგორ განახორციელონ მასშტაბური გარღვევები ბრძოლის ველზე დრონების სრული დომინირების პირობებში.
გამოცემის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმირ პუტინი ცდილობდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დარწმუნებას, თითქოს მისი ჯარები გარდაუვალი გამარჯვებისკენ მიიწევენ, რეალური ვითარება ფრონტზე საპირისპიროს აჩვენებს. გასული წლის ბოლოს მიღწეული წარმატებების შემდეგ, რუსეთის არმიის წინსვლა ფაქტობრივად შეჩერდა, ზოგიერთ მონაკვეთზე კი ტერიტორიული დანაკარგებიც დაფიქსირდა.
The New York Times-ის შეფასებით, თუ რუსეთის ამ წლის წინსვლის ტემპი შენარჩუნდება, მას დონბასის სრულად დასაკავებლად 30 წელზე მეტი დასჭირდება, მაშინ როცა კრემლი სწორედ ამ ტერიტორიის კონტროლს ასახელებს ომის დასრულების პირობად.
ამავდროულად, როგორც გამოცემა ვარაუდობს, ეს შენელება შესაძლოა დროებითი იყოს და სეზონურ ფაქტორს უკავშირდებოდეს. რუსეთის ჯარები, როგორც წესი, ზაფხულში აქტიურდებიან - უკეთესი ამინდისა და უფრო ხშირი მცენარეების გამო, რაც დრონებისგან უკეთეს დამალვას უზრუნველყოფს.
უკრაინელი ოფიციალური პირები რამდენიმე დღის წინაც აფრთხილებდნენ, რომ რუსული ძალები ახალი შეტევებისთვის ემზადებიან და გააქტიურებული აქვთ მოქმედებები მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუსეთი ამ ეტაპზე რამდენიმე სერიოზულ პრობლემას განიცდის. კერძოდ, წელს რუსეთის ძალებმა დაკარგეს წვდომა Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტზე, რომელსაც დრონების კოორდინაციისთვის იყენებდნენ. ასევე, Telegram-ის მუშაობის შეზღუდვებმა, რომლებიც კრემლმა ინტერნეტზე კონტროლის ფარგლებში დააწესა, სამხედრო ნაწილებს შორის კომუნიკაცია გაართულა.
გამოცემის შეფასებით, მთავარი გადაუჭრელი პრობლემა მაინც ის არის, როგორ განახორციელოს რუსეთმა მასშტაბური გარღვევები დრონებით გაჯერებულ ბრძოლის ველზე. როგორც აღნიშნულია, ის დრო, როდესაც ჯარები მასიურად ახერხებდნენ ფრონტის გარღვევას ჯავშანტექნიკის გამოყენებით, ძირითადად უკვე წარსულს ჩაბარდა.
ამასთან, გამოცემის ცნობით, რუსეთის წინსვლის ტემპების შენელებას ადასტურებს სამი ორგანიზაცია, რომლებიც ფრონტის მდგომარეობას აკვირდებიან: Institute for the Study of War, Black Bird Group და DeepState.
ამ ორგანიზაციებიდან ორმა აღნიშნა, რომ იყო თვეები, როდესაც რუსეთი უფრო მეტ ტერიტორიას კარგავდა, ვიდრე იკავებდა. თუმცა, სულ უფრო ფართოვდება ე.წ. „ნაცრისფერი ზონა“, რაც ართულებს იმის ზუსტ განსაზღვრას, რა ითვლება დაკავებულ ტერიტორიად და რა - არა.
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ეს ძალზე შეზღუდული შედეგები რუსეთს უზარმაზარი დანაკარგების ფასად დაუჯდა. რუსული გამოცემების Mediazona და Meduza შეფასებით, გასული წლის ბოლოსთვის ომში დაახლოებით 352 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა. ეს რიცხვი ექვსჯერ აღემატება აშშ-ის იმ ჯარისკაცების რაოდენობას, რომლებიც ვიეტნამის ომის დროს დაიღუპნენ.
ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, დანაკარგების ზრდის ფონზე რუსეთმა წლის პირველ თვეებში ასევე ვერ შეასრულა ახალი რეკრუტების გაწვევის გეგმები. ეს კი აჩენს კითხვას, რამდენ ხანს შეძლებს კრემლი ომის გაგრძელებას ახალი არაპოპულარული მობილიზაციის გარეშე.