მედიის ადვოკატირების კოალიცია გელა მთივლიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმიანება.
მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტებზე ძალადობის დაუსჯელობა უნდა დასრულდეს.
"მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება გელა მთივლიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას. დამოუკიდებელი და პროფესიონალი ჟურნალისტის წინააღმდეგ ძალადობა აზიანებს მედიის თავისუფლებას, დემოკრატიას და საზოგადოების შესაძლებლობას, მიიღოს თავისუფალი ინფორმაცია.
10 მაისს, თავად გელა მთივლიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სატელევიზიო ეთერიდან გამოსვლისთანავე მას თავს დაესხა ჰესების ლობისტი მარგებაძე, რის შედეგადაც ჟურნალისტმა სახის არეში დაზიანებები მიიღო.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გელა მთივლიშვილი ხდება მუქარის, ზეწოლისა და ძალადობის სამიზნე. წლების განმავლობაში, მის წინააღმდეგ არაერთი აგრესიული კამპანია მიმდინარეობდა, მათ შორის „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. დაუსჯელობა და ფორმალური მართლმსაჯულება არა თუ ვერ უზრუნველყოფს ჟურნალისტების დაცვას და ძალადობის ეფექტიან გამოძიებას, პირიქით, ახალისებს მსგავს დანაშაულებს და მედიის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო საშიშ გარემოს ქმნის.
გელა მთივლიშვილი არის გამორჩეული პროფესიონალი ჟურნალისტი, რომელიც წლების განმავლობაში პრინციპულად აშუქებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს და იძიებს კორუფციის, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.
საქართველოში მედიის გარემოს მძიმე გაუარესებას ადასტურებს „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) შეფასებაც. მიმდინარე წლის მონაცემებით, ქვეყანამ მედიის თავისუფლების ინდექსში კიდევ 21 პოზიციით დაიხია უკან, ხოლო ბოლო წლებში ჯამურად - 75 პოზიციით, რაც „ქართული ოცნების“ პირობებში მედიის წინააღმდეგ მიზანმიმართული ზეწოლის ნათელი მაჩვენებელია.
მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს გელა მთივლიშვილს, რომელსაც სხვა პროფესიონალ მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ურთულეს პირობებში უწევს საქმიანობა. ჟურნალისტებზე ძალადობის დაუსჯელობა უნდა დასრულდეს", - აღნიშნულია განცხადებაში.