ჩვენთვის პეტერ ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით და მგონი, მთელი ქვეყანა ამ ქედმაღლური ზიზღისგან დაისვენებს, რომელიც მისი თითოეული კომენტარიდან ისმის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ძალიან სამწუხაროა, რაც ამ ერთმა ადამიანმა გაუკეთა ქართულ-გერმანულ ურთიერთობას.
„მე ვფიქრობდი, ბატონ პეტერს მხოლოდ ვენის კონვენციასთან ჰქონდა პრობლემა და როგორც ჩანს, მას ზრდილობასთანაც პრობლემა აქვს. ძალიან სამწუხაროა, რასაც ვაკვირდებით ჩვენ, რაც ამ ერთმა ადამიანმა გაუკეთა ქართულ-გერმანულ ურთიერთობას. მთელი საზოგადოება სულმოუთქმელად ველით როდის დატოვებს ის საქართველოს, რამდენიმე კვირა დარჩა მის საქართველოში ყოფნას. ველით, რომ საქართველოს დატოვებს და ეს მომენტი დაგვავიწყდება“, - აღნიშნავს პაპუაშვილი.
პეტერ ფიშერმა გუშინ განაცხადა, რომ შეწუხებულია ბატონი პაპუაშვილის გამო, ვინაიდან შალვა პაპუაშვილს "ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის და არც ერთი მათგანი არის კარგი“.