შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოში ბოლო დროს მომხდარი ყველაზე გახმაურებული ტერაქტების მთავარი მოქმედი პირების დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს.
როგორც შსს-ში რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე ითქვა, დაკავებულია სამი ადამიანი, მათ შორის მერაბ ყოლბაია, მეტსახელად "კოჭოია", რომელიც აფეთქებების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და შემსრულებელი იყო.
რაც შეეხება დანარჩენ ორ დაკავებულს, ტერაქტებში მათი ბრალეულობა, სწორედ "კოჭოიას" აყვანის შემდეგ გამოიკვეთა. გამოძიების ინფორმაციით, ნუკრი შონია და დავით კეკუტიაც აფეთქებებში მონაწილეობდნენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში სექტემბერ-ნოემბრის თვეში განხორციელებული აფეთქებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში გახსნა.
სპეცოპერაციის დროს, რომელიც "ენვერი 2"-ის სახელწოდებით "მოინათლა", შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აფეთქებების სერიის ორგანიზებაში, შესრულებასა და ხელშეწყობაში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი _ გოგიტა არქანია (აფეთქებების შემსრულებელი, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე), ჯონი აბულაძე (თანამონაწილე, ასაფეთქებელი ნივთიერებების შემნახველი და გადამზიდავი), მარიამ ნიკოლავა (თანამონაწილე, ასაფეთქებელი ნივთიერებების შემნახველი და გადამზიდავი), გოჩა ხურცილავა (თანამონაწილე, ასრულებდა მძღოლის ფუნქციას), გოდერძი არქანია (თანამონაწილე) და ლელა ხურცილავა (თანამონაწილე) დააკავეს.
როგორც ცნობილია, სექტემბერ-ნოემბრის თვეში აფეთქებები მოხდა თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩის #88-ში მდებარე "ლეიბორისტული პარტიის~ ცენტრალურ ოფისთან, რის შედეგადაც დაიღუპა ადგილობრივი მცხოვრები ნინო გორდეზიანი, მუხიანის პირველ მიკრორაიონში, ნონეშვილის ქუჩის #13-ში მდებარე სუპერმარკეტთან, თბილისში, აშშ-ის საელჩოს სიახლოვეს, ასევე ორი აფეთქება განხორციელდა თბილისის რკინიგზის სადგურთან და ხობის რაიონის სოფ. ჭალადიდთან სარკინიგზო ხიდზე.