შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ბოლო დროს მომხდარი ყველაზე გახმაურებული ტერაქტების მთავარი მოქმედი პირები დააკავა.
ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, დაკავებულია ორი ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია საქართველოს ძალოვანმა უწყებამ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩაატარა, თუმცა ეს ცნობა ოფიციალურად დაზუსტებული არ არის.
აღნიშნულთან დაკავშირებით შსს საგანგებო განცხადებასა და ვიდეომასალას სავარაუდოდ, დღეს გაავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ საუბარია იმ ტერორისტულ აქტებზე, რომლებიც თბილისსა და სამეგრელოს რეგიონში, სექტემბერ-ნოემბერში, სხვადასხვა დროს განხორციელდა.
ძალოვან უწყებას ძებნა სამ მთავარ მოქმედ პირზე ჰქონდა გამოცხადებული - რუსეთის საოკუპაციო ძალების თავდაცვის უწყების მაორ ევგენი ბორისოვზე (რომელიც უშუალოდ ტერაქტების დამკვეთი იყო) და შემსრულებლებზე მუხრან ცხადაიასა და მერაბ ყოლბაიაზე (რომლებიც თავს ოკუპირებულ აფხაზეთს აფარებდნენ).
აღნიშნულ ტერაქტებთან დაკავშირებით გასული წლის ნოემბერში სპეცოპერაცია ერთხელ უკვე ჩატარდა, მაშინ 20-მდე ადამიანი დააკავეს.