ესპანეთის პოლიციის მიერ დაკავებული 14 ქართველიდან შვიდს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. დანარჩენი შვიდის ბედი კი დღეს გაირკვევა. სასამართლო რამდენიმე საათშია დანიშნული.
რამდენიმე ეჭვმიტანილმა კერძო ადვოკატის აყვანა შეძლო, ნაწილი კი სასამართლოზე სახაზინო დაცვით წარდგება. მათი სახელები და გვარები ისევ არ ხმაურდება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ 14 დაკავებულს შორის რამდენიმე ქალია.
დანაშაულებრივი ჯგუფის ასაყვანად, სპეცოპერაცია ესპანეთის ქალაქებში ალკოასა და ალიკანტეში ჩატარდა. 15 დაკავებულიდან 14 ქართველია, ერთი კი უკრაინელი.
ინფორმაცია და სპეცოპერაციის ამსახველი ვიდეომასალა ერთ-ერთმა ესპანურმა ვებ- გვერდმა გაავრცელა. ვიდეომასალიდან ჩანს, რომ ჯგუფის წევრები სისტემატურად ძარცვავდნენ საცხოვრებელ სახლებს.
სამართალდამცავები ამ დროისთვის მათ სავარაუდო მოკავშირეებს და იმ ადამიანებს ეძებენ, რომლებმაც მძარცველებისგან მოპარული ნივთები შეიძინეს. არ არის გამორიცხული, რომ დაკავებულები ნაქურდალს გასაყიდად საქართველოშიც აგზავნიდნენ.
პოლიციამ დაჯგუფების ერთ-ერთი წევრის სახლიდან ძვირფასი ნაკეთობები, ელექტროტექნიკა და ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღო.
საიტის ცნობით, ეჭვმიტანილების ასაყვანად, გამოძიებას ესპანელი სამართალდამცველები უკვე ორი თვეა აწარმოებენ.