ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში ლონდონის "არსენალმა" შინ "ბარსელონას" 2:1 მოუგო. პირველი ტაიმი "ბარსელონამ" დავიდ ვილიას გოლით მოიგო, თუმცა მეორე ტაიმში არსენ ვენგერის გუნდმა მეტოქეს 2 გოლი გაუტანა და სასურველი შედეგი დააფიქსირა. წონასწორობა 78-ე წუთზე გაელ კლიშის პასით რობინ ვან პერსიმ აღადგინა. გადამწყვეტი გოლი კი შეცვლაზე შესულმა ანდრეი არშავინმა სამირ ნასრის პასით 83-წუთზე გაიტანა.
არშავინის გოლის წყალობით "არსენალმა" "ბარსა" პირველად დაამარცხა.
სენსაცია დაფიქსირდა "სტადიო ოლიმპიკოზე". "რომამ" დონეცკის "შახტარს" უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. პირველი გოლი კლაუდიო რანიერის გუნდმა გაიტანა. 28-ე წუთზე "შახტარის" ფეხბურთელმა რაზვან რატმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და "რომა" დაწინაურდა. ანგარიში 29-წუთზე ჟადსონმა გაათანაბრა. 35-ე წუთზე დუგლასმა დონეცკელები წინ გაიყვანა, ხოლო ლუის ადრიანომ 42-ე წუთზე რომას მესამე გოლი გაუტანა. "რომამ" ანგარიშის შემცირება მენეზის გოლით შეძლო 61-ე წუთზე.
საპასუხო მატჩები 8 მარტს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ორი მერვედფინალური მატჩი 15 თებერვალს გაიმართა. "მილანი" "სან სიროზე" ლონდონის "ტოტენჰემთან" 0:1 დამარცხდა, ხოლო "ვალენსიამ" და გელზენკირხენის "შალკემ" "მესტალიაზე" 1:1 ითამაშეს.
დარჩენილი ოთხი მერვედფინალური შეხვედრა 22-23 თებერვალს გაიმართება. 22 თებერვალს "კოპენჰაგენი" საკუთარ მოედანზე "ლონდონის "ჩელსს" შეხვდება, ხოლო "ლიონი" მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს. ხოლო 23-ში, "ბაირნი" მოქმედ ჩემპიონ მილანის "ინტერს" შეხვდება, "მარსელი" - "მანჩესტერ იუნაიტედს".