Turkish Airlines-ის სპონსორობით გაზაფხულზე სტამბოლში პირველი საერთაშორისო შოპინგ-ფესტივალი SHOPPING FEST 2011 გაიმართება.
Turkish Airlines-ის ბათუმის ოფისის დირექტორის დენიზ ოზთირფანის განცხადებით, ავიაკომპანია მზადაა გრანდიოზულ ფესტივალზე საქართველოდან მგზავრთა უსაფრთხო და შეღავათიან ფასად გადაყვანა უზრუნველყოს.
Turkish Airlaines-ი ბათუმი-სტამბოლის რეისებს კვირაში 5-ჯერ ასრულებს (სამშაბათის და ხუთშაბათის გარდა) და ავიაბილეთის ღირებულება 88 ევროდან იწყება.
შოპინგ-ფესტივალი სტამბოლში 40 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მის ორგანიზებაში უამრავი სახელმწიფო სტრუქტურა და კერძო ბიზნესია ჩართული. ორგანიზატორთა ინფორმაციით, ღონისძიების მოწყობაში 50 მლნ თურქული ლირის (55,525 მლნ ლარი) მოცულობის ინვესტიცია იდება. ორგანიზატორები ინვესტირებას სავაჭრო შემოსავლების და სტამბოლში ტურისტთა რაოდენობის ზრდისათვის აკეთებენ.
ფესტივალის განმავლობაში სტამბოლში მდებარე სავაჭრო ობიექტები, რომლებიც როგორც ადგილობრივი, თურქული ნაწარმით, ასევე უცხოური ბრენდებით ვაჭრობენ, მომხმარებელს საქონელს და მომსახურებას 30%-იანი ფასდაკლებით შესთავაზებენ. სავაჭრო ოპერაციები ასევე გათავისუფლებული იქნება გადასახადისაგან და საბოლოო ჯამში მომხმარებელს შენაძენის გაკეთება 50%-იანი ფასდაკლებით შეეძლება.
მომხმარებელთა მეტად მოტივაციისათვის, 40 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად თითო ავტომობილი ლატარიის საფუძველზე გათამაშდება. ასევე დაგეგმილია აღლუმების, კონცერტების და სახალხო მსვლელობების მოწყობა ქალაქის ქუჩებში. ფესტივალის მანძილზე სავაჭრო ობიექტები მომხმარებელს სხვა დღეებისაგან განსხვავებით უფრო ხანგრძლივი დროით მოემსახურება.
SHOPPING FEST 2011 -ის გენერალურმა მენეჯერმა აჰმეთ ოზსაჰინმა აღნიშნა, რომ სტამბოლის სავაჭრო ობიექტების ინფრასტრუქტურა მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური და დახვეწილია, რაც მსგავსი ფესტივალების მაღალ დონეზე ჩატარების საშუალებას იძლევა. მისი განმარტებით, სტამბოლში 2,5-ჯერ მეტი სავაჭრო ფართია (2,5 მლნ კვადრ. მეტრი) ვიდრე დუბაიში, სადაც ეს მაჩვენებელი 1 მლნ კვადრ. მეტრს შეადგენს. მხოლოდ სტამბოლის ლეგენდარული Grand Bazaar-ის ტერიტრორია 4 000 კვადრატული მეტრია, ბაზარში ათეულობით ქუჩა და ასობით სავაჭრო ობიექტი და 25 შესასვლელია.
SHOPPING FEST 2011 -ის ორგანიზატორები ფესტივალზე 1,5 მილიონ ტურისტს ელოდებიან. 2011 წელს ტურისტთა საპროგნოზო მაჩვენებელი 10 მლნ-ია.