20-ე სანქციების პაკეტის მიღების შემდეგ ევროკავშირი უკვე გადადის შემდეგ, კიდევ უფრო მკაცრ პაკეტზე, რომლის სამიზნეც რუსეთის ენერგომატარებლები იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად აშშ-ის ყურადღება ირანზეა კონცენტრირებული და მოსკოვზე ზეწოლა ნაწილობრივ შემცირებულია, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას თქმით, ევროპამ უნდა გამოიყენოს უნგრეთში არსებული პოლიტიკური ცვლილებები იმისთვის, რომ გაატაროს უკრაინის მხარდაჭერისთვის აუცილებელი გადაწყვეტილებები.
"ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი, რომლის პოლიტიკურ დონეზე მიღებაზე ფაქტობრივად გასული წლის ბოლოს შევთანხმდით, თუმცა უნგრეთის ბლოკირების გამო ევროკავშირმა ამ თანხების გამოყოფა ვერ შეძლო. რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად უკრაინაში ვიყავით და შევხვდით პრეზიდენტ ზელენსკის, საგარეო საქმეთა მინისტრს და ბევრ სხვას, მათი გზავნილი ძალიან მკაფიო იყო: თუ ევროპა ამ ფულის გამოყოფას ვერ შეძლებდა, უკრაინაში მდგომარეობა ივნისისთვის უკიდურესად დამძიმდებოდა.
ამ თანხიდან 30 მილიარდი ევრო წავა პირდაპირ ფინანსურ მხარდაჭერაზე, რათა უკრაინამ შეძლოს სახელმწიფოს ფუნქციონირება, რადგან მათ ძალიან დიდი მიმდინარე ხარჯები აქვთ. 60 მილიარდი კი მოხმარდება სამხედრო დახმარებას, თავდაცვაში ინვესტიციებს და ინფრასტრუქტურას. ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ უნგრეთში ჩატარებული არჩევნების შედეგად მიღებული პოზიტიური ცვლილებების ფონზე გადაწყვეტილებები საბოლოოდ იქნა მიღებული. ახლა შეიძლება ითქვას, რომ სულ მცირე ორი წლით უკრაინის დაფინანსება 90 მილიარდი ევროთი უზრუნველყოფილია და ეს საკმარისია", - განაცხადა ცაჰკნამ ესტონურ მედიასთან ინტერვიუში.
მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ უკვე მზადდება 21-ე პაკეტი.
"ყველაზე კრიტიკული საკითხები, უდავოდ, მომავალი სანქციების პაკეტებია. უკვე მიღებულია სანქციების მე-20 პაკეტი, ხოლო 21-ე მზადდება და ის საკმაოდ მკაცრი იქნება, განსაკუთრებით ენერგომატარებლების მიმართულებით.
თუმცა ყველაზე მტკივნეულ თემად კვლავ რჩება ევროკავშირის გაფართოება. უნგრეთი ამ პროცესს ორ წელზე მეტია ბლოკავს. არ არის გახსნილი არც ერთი მოლაპარაკების კლასტერი არც უკრაინასთან და არც მოლდოვასთან. ჩემი აზრით, სწორედ ეს საწყისი ეტაპი უნდა გამოვიყენოთ, როდესაც მადიარი თანამდებობას დაიკავებს და პირველ მოლაპარაკებებზე ჩაერთვება, რათა ივნისის სამიტისთვის, როდესაც პრემიერ-მინისტრები კვლავ შეიკრიბებიან, მიღწეულ იქნას „მაქსიმალური პაკეტი“'- განაცხადა ცაჰკნამ.