ოპოზიციამ ოთხი თვის შემდეგ აქციები შეწყვიტა და აქტიური მოქმედებები შემოდგომისთვის გადაიტანა. საზოგადოების ნაწილი ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციის სისუსტედ აფასებს, თუმცა ნაწილს იმედი აქვს, რომ შემოდგომისათვის ახალი ენერგიით განახლებული აქციები პრეზიდენტ სააკაშვილის თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნის ბედს გადაწყვეტს."ახალი მემარჯვენეების" ლიდერს, მანანა ნაჭყებიას ოპოზიციის მთავარ სისუსტედ არაორგანიზებულობა მიაჩნია და აცხადებს, რომ ოპოზიციას უფრო მეტის გაკეთების რესურსი ჰქონდა. ნაჭყებიას თქმით, ოპოზიციის რიგებში განსხვავებული მოსაზრებების არსებობამ კოორდინირებული ქმედებების განხორციელებას ხელი შეუშალა. მიუხედავად ამისა, "ახალი მემარჯვენეების" ლიდერს მიაჩნია, რომ ოთხთვიანმა აქციებმა შედეგი გამოიღო და ხელისუფლების მცდელობები საკონსტიტუციო რეფორმებთან დაკავშირებით და მისი ოპოზიციასთან დიალოგისათვის მზადყოფნა სწორედ ამისი მანიშნებელია.
ამ საკითხებთან დაკავშირებით "ჯი-ეიჩ-ენი" "ახალი მემარჯვენეების" ლიდერს, მანანა ნაჭყებიას ესაუბრა.
_ ქალბატონო მანანა, ოპოზიციამ პარლამენტის შენობის წინ აქციები შეწყეტა. გამოიღო თუ არა შედეგი ოთხთვიანმა აქციებმა?
_ ხელისუფლების ის ქცევა, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ, განპირობებულია სწორედ იმით, რომ მათ დაინახეს, რომ ოპოზიციას შეუძლია ხალხში დაგროვილი საპროტესტო მუხტის გამოყენება. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ საპროტესტო აქციების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი თავის თანამდებობაზეა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია საპასუხოდ ვთქვათ, რომ ეს არ არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საპროტესტო აქციებამდე იყო. ის მთელი საზოგადოების წინაშე არის გაშიშვლებული. აქედან გამომდინარეა სწორედ ის ცვლილებები, საკონსტიტუციო რეფორმების მცდელობა, ის კანონპროექტები, რომელიც შეაქვს პარლამენტში დღეს ხელისუფლებას, რომლითაც ცდილობენ, მეტნაკლებად განმუხტონ სიტუაცია. აქედან გამომდინარეა ასევე მოწოდებები მოლაპარაკებასთან დაკავშირებით და ა.შ.
საქმე ისაა, რომ ხელისუფლება არ არის ბუნებით დემოკრატიული და მას არ შეუძლია რეალურად დემოკრატიული ნაბიჯები გადადგას. ის ყოველთვის ყალბია და მის მიერ განხორციელებული ცვლილებები ფასადური. ხელისუფლებას სურვილი აქვს, სჯერა და სწამს, რომ რაღაც სწორ ნაბიჯებს დგამს, მაგრამ, მისი ბუნებიდან, მისი ხასიათიდან გამომდინარე, ეს ნაბიჯები ვერასოდეს იქნება სწორი. ვფიქრობ, რომ ბაიდენის ვიზიტმა და მისმა მოკლე მიმოხილვამ ქვეყანაში დემოკრატიული სიტუაციისა, დაადასტურა, რომ აშშ და დასავლეთი მიიჩნევს, რომ საქართველო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, ჯერ არ შემდგარა. მე შემიძლია მოკლე ჩამონათვალი გავაკეთო _ სასამართლო რეფორმა, მედია, საარჩევნო სისტემა. ის, რომ, საქართველოში ადამიანებს არ აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ზუსტი ინფორმაცია, ის, რომ ვარდების რევოლუცია ჯერ დამთავრებული არ არის და დამთავრებულად ჩაითვლება, როცა, შემდგარი იქნება დემოკრატია. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ დასავლეთი არ მიიჩნევს, რომ საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა. დასკვნა შეგვიძლია ჩვენ თვითონ გავაკეთოთ. დასავლეთი იმიტომ დებს ამდენ ფულს საქართველოში, რომ ის იყოს დემოკრატიული სახელმწიფო. ის, რომ აშშ არ შეეგუება საქართველოს არადემოკრატიულობას, გამჟღავნდა ბაიდენის შეხვედრაზე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ამიტომ, ჩვენ ველოდებით ძალიან სერიოზულ ცვლილებებს ხელისუფლების მხრიდან, სერიოზულ დათმობებს. დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად აიძულებენ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს, რომ მან რაღაც სერიოზული ცვლილებები შეიტანოს.
_ ხშირად გაისმის, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო საზოგადოების მოლოდინების გამართლება და რეიტინგი დაკარგა. როგორ ფიქრობთ, ეს ნამდვილად ასეა?
_ სულ ახლახანს მივიღეთ კვლევის შედეგები. ეს იყო ალიანსის კვლევა და მინდა გითხრთ, რომ ამ კვლევის საფუძველზე ოპოზიციას რეიტინგი არ დაუკარგავს. ყოველ შემთხვევაში, ალიანსთან დაკავშირებით ეს ასე არ არის. ცალკეულმა პოლიტიკოსებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა, შესაძლოა, განიცადეს ცვლილებები რეიტინგის თვალსაზრისით, მაგრამ ეს ცვლილებები განიცადა ხელისუფლებამაც. რაც შეეხება ალიანსს, მას პირიქით, რეიტინგის მატება აქვს.
_ რა შეიძლება ჩაითვალოს რომელიმე მხარის გამარჯვებად და დამარცხებად?
_ მე არა მგონია, რომ ამ დაპირისპირებაში ვინმე გამარჯვებული ან დამარცხებული შეიძლებოდა გამოსულიყო. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ან ოპოზიცია დამარცხდა, ან ხელისუფლებამ გაიმარჯვა, ან პირიქით. მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციამ გააკეთა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი. ასეთი ეკლექტური გაერთიანებები და თავისთავად ეკლექტური იქნება გაერთიანება, როდესაც სხვადასხვა მიმართულების პოლიტიკური ძალები და სხვადასხვა გემოვნების პოლიტიკური ლიდერები ერთიანდებიან და ამ შემთხვევაში ჩვენ შევძელით მაქსიმუმი. ჩვენს სტრატეგიაში, ჩვენს ქმედებებში ამ ხნის განმავლობაშინ ვიყავით ერთიანი და სწორედ ამ ერთიანობიდან გამომდინარეა ის, რომ ოპოზიციას სულაც არ დაუკარგავს რეიტინგი. მე ვფიქრობ, რომ თუ ხელისუფლება არც 150 ათასი, არც 200 ათასი კაცის გამოსვლის გამო, არც ასეთი შედეგების გამო, რომელიც მის რეიტინგთან დაკავშირებით დადგა, არ მიდის, ერთადერთი გზა რჩება, რომ მოახდინო რევოლუცია და ჩვენ არ ვართ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც წავალთ რევოლუციაზე, წავალთ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებზე, განსხვავებით მიხეილ სააკაშვილისაგან, რომელიც ასეთი მეთოდებით და ასეთი ხერხებით მოვიდა ხელისუფლებაში. იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, ეს აუცილებლად გამოიწვევს სამოქალაქო დაპირისპირებას. ის, რომ ჩვენ მეტად ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე, არ ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინაშე ოპოზიცია დამარცხდა, პირიქით, ეს ნიშნავს ოპოზიციის ძალიან ძლიერ პოზიციებს.
_ რა იყო ოპოზიციის სუსტი მხარე, რომელმაც ხელინ შეუშალა მას საბოლოო მიზნის მიღწევაში?
_ შედარებით სუსტი მხარე იყო რა თქმა უნდა, არაორგანიზებულობა ოპოზიციისა, ამას თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა. მე ვფიქრობ, უფრო სუბიექტური მიზეზები იყო, იმიტომ, რომ ძალიან დიდი ძალისხმევა დაიხარჯა ამ გაერთიანებაზე. მოდი პირდაპირ ვთქვათ და ეს არ არის დასამალი, ძალიან ძნელია, როდესაც სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების, სხვადასხვა მიმართულების, სხვადასხვა წარსულის, სხვადასხვა მომავლის ხედვის მქონე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ერთიანდებიან ერთი სტრატეგიის გარშემო და იწყებენ ერთიან მოქმედებას. ამან წაიღო ძალიან დიდი დრო და ვეღარ გადაიზარდა ეს ყველაფერი ისეთ მაქსიმალურ ორგანიზებულობაში, რომელიც ალბათ საჭირო იყო ასეთ სიტუაციაში. უფრო კარგად შეიძლებოდა იგივე საკნების აქციების ორგანიზება, ისე, რომ მაქსიმალური ყოფილიყო საზოგადოების ჩართულობა ამაში, ჩვენ სამწუხაროდ, რაც ვერ მოვახერხეთ, იყო ის, რომ საზოგადოების ჩართულობა ვერ გავზარდეთ და ამოვწურეთ საზოგადოების ჩართულობა მხოლოდ მიტინგებზე მოსვლით. თუმცა მე მიმაჩნია, რომ იგივე საკნების აქციაში შეიძლებოდა თბილისის გარდა რეგიონებს ჩართვაც. ამას დააკლო მცდელობა ოპოზიციამ, ამას დააკლო პიარი, ამას დააკლო ის, რომ ამისთვის სათანადოდ არ იქნა გამოყენებული ოპოზიციის შესაძლებლობები და ობიექტური მასმედია. "მაესტრო" და "კავკასია" არიან ობიექტური ტელევიზიები, რომლებიც ცდილობენ, დააბალანსონ ის, რასაც აკეთებს ხელისუფლების მიერ მართვადი ტელევიზიები და საზოგადოებისათვის ცნობილი გახადონ ქვეყანაში რეალურად არსებული ვითარება. როდესაც სახელისუფლებო ტელევიზიები მხოლოდ ერთი მიმართულებით აკეთებენ პროპაგანდას და ეს არის პროსახელისუფლებო პროპაგანდა, მაშინ აუცილებელია, ვიღაცამ ეს დააბალანსოს და სწორედ ეს ფუნქცია აიღეს "მაესტრომ" და "კავკასიამ". ჩვენ ამ ორი ტელევიზიის შესაძლებლობაც ვერ გამოვიყენეთ, იმიტომ, რომ ისინი თბილისის მასშტაბით მაუწყებლობენ. ჩვენ არ გვქონდა შესაძლებლობა, რომ მაქსიმალურად ემოციური, სწორი მესიჯის მქონე კლიპებით და ინფორმაციის მიწოდებით მოგვეხდინა მოსახლეობის მობილიზება. ორგანიზაციული მხარე უდავოდ იყო ძალიან სერიოზული ნაკლი ოპოზიციის.
რაც შეეხება წარმატებას, ის, რომ დემოკრატიული ცვლილებების გარეშე არც აშშ ითანამშრომლებს საქართველოსთან და არც დასავლეთის ცივილიზებული სახელმწიფოები, ეს ნათელი და ცხადია. ამას ბაიდენმა ხაზი გაუსვა არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრისას და პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროსაც მისი შენიშვნები და მისი შეხედულებები საქართველოში დემოკრატიასთან დაკავშირებით მიანიშნებს იმას, რომ ამერიკა მოითხოვს მაქსიმუმს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისაგან დემოკრატიის თვალსაზრისით. ჩვენი ბრძოლის საბოლოო მიზანი არის ის, რომ საქართველო გახდეს დემოკრატიული სახელმწიფო. ამიტომ, თუ ვივარაუდებთ, რომ სააკაშვილის რეჟიმს მოუწევს დემოკრატიისაკენ ნაბიჯების გადადგმა, ეს უდავოდ, ოპოზიციის წარმატება იქნება.
_ როგორ გააგრძელებს ოპოზიცია მოქმედებებს შემოდგომაზე?
_ ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ საკნებთან დაკავშირებით უნდა ჩამოყალიბებულიყო ოპოზიციის ერთიანი პოზიცია და უნდა მიგვეღო ზომები. საკნები, რომლებიც ძალიან ეფექტური იყო და თავისი ფუნქცია შეასრულა დროულად უნდა აგვეღო. ძალიან კარგია, რომ ეს გაზიარებული იქნა ყველასგან და გამოცხადდა ტაიმ-აუტი. მოგეხსენებათ, როგორი საპროტესტო მუხტიც არ უნდა არსებობდეს ქვეყანაში, რაც არ უნდა მოინდომოს ოპოზიციამ, მაშინ, როცა ნახევარი საქართველო გასულია არა ფეშენებელურ კურორტებზე, მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, არამედ თავიანთ სოფლებში, აგარაკებზე და ძალაუნებურად, სიცხე და კლიმატური პირობები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ გაგრძელდეს აქციები, სწორია აქციების შეჩერება. სექტემბრიდან აუცილებლად გაგრძელდება ოპოზიციის მოქმედებები, მანიფესტაციები იქნება ეს, პრესკონფერენციები, დისკუსიები თუ სხვა ტიპის ოპონირება ხელისუფლებასთან, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, რომ სექტემბერ-ოქტომბერი და უკვე შემდეგ ზამთარი ძალიან მძიმე იქნება ხელისუფლებისთვის. სამწუხაროდ, ხელისუფლება ვერ აცნობიერებს რა მდგომარეობაშია ქვეყნის ეკონომიკა, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ამ მძიმე მდგომარეობაზე. ეს არავის არ უხარია, ჩვენს ამ ქვეყნის შვილები ვართ და ჩემი ოჯახიც ამ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და აღმოჩნდება კიდევ მძიმე ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე. ეს აუცილებლად გაამძაფრებს სიტუაციას, მე ამაში დარწმუნებული ვარ და ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად ბრძოლა. ამიტომ, მე ვფიქრობ, მას მოუწევს სერიოზულ დათმობებზე წასვლა და ყველაფერი დამთავრდება იმით, რომ ჩვენ აუცილებლად სერიოზული ცვლილებების მოწმე გავხდებით ჩვენს ქვეყანაში.
_ პრეზიდენტმა წამოაყენა ინიციატივა თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევნებთან დაკავშირებით. თუ ეყოლება თქვენს პოლიტიკურ გაერთიანებას კანდიდატი და თუ იყო ოპოზიციაში მსჯელობა ამასთან დაკავშირებით?
_ ეს რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი იქნება ოპოზიციისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ ოპოზიციამ ვერ მოახერხა ერთიანი კანდიდატის წამოყენება, ძალიან გაჭირდება ბრძოლა, იმიტომ, რომ ოპოზიცია ერთმანეთს ხმებს წაართმევს, ამიტომ, მომავლის ამოცანად მე რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ამას მივიჩნევ. მაგრამ ჩვენ რომც მივაღწიოთ ერთ კანდიდატზე შეთანხმებას, თუ არ იქნა შესაბამისი გარემო, საარჩევნო კოდექსი, თუ არ შეიცვალა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი, თუ არ იქნა მედიის თავისუფლება და სხვა ყველა ის აუცილებელი კომპონენტი, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალ არჩევნებს, რა თქმა უნდა, ამ არჩევნებზე წასვლას აზრი არ აქვს. ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ აშშ მაქსიმალურად ჩაერთვება ამ პროცესში და აიძულებს ხელისუფლებას, რომ მისგან ასეთი ზომები იქნას გატარებული, ამიტომ, ვნახოთ ჩვენ ჯერ არც ვაბმობთ იმას, რომ მივიღებთ ამ არჩევნებში მონაწილეობას, არც უარვყოფთ ამას, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორი საარჩევნო გარემო შეიქმნება ქვეყანაში.
_ როგორ შეაფასებთ ბაიდენის ვიზიტს. როგორ ფიქრობთ, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მიერ გაკეთებული აქცენტები რამდენად მნიშვნელოვანი იყო?
_ მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის ბაიდენის ვიზიტი. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი პრაქტიკულად ასრულებს ჩვენი ქვეყნის ანექსიას. ეს მხარდაჭერა როგორ პრაქტიკულ მხარდაჭერას ჰპოვებს, ამას უნდა დაველოდოთ. თავისთავად ის, რომ დეკლარირებული იქნა აშშ-ს მიერ საქართველოს მხარდაჭერა, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმას, რომ აშშ არ აღიარებს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას, რათქმაუნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ასევევე ძალიან მნიშვნელოვანია ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები და მე ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, დემოკრატიასთან დაკავშირებული განცხადებები. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია თავისთავად, მაგრამ ყოველთვის არასასიამოვნოა ხოლმე, როდესაც ხელისუფლება გადაჭარბებულ მოლოდინებს ქმნის. ახლაც ხელისუფლების მხრიდან არის ძალიან გადაჭარბებული მოლოდინები შექმნილი. მოდით დაველოდოთ ამ ვიზიტის პრაქტიკულ შედეგებს, როდესაც აშშ-ს მხარდაჭერის დეკლარირება მიიღებს პრაქტიკულ გამოხატულებას, როდესაც პრაქტიკულად ამოქმედდება ის ქარტია, რომელიც გაფორმებულია ჩვენ ორ ქვეყანას შორის. მე აშშ-ს მხარდაჭერის მიმართ ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი, მაგრამ ძალიან არ მომწონს ხელისუფლების ქმედებები, რომელიც ყველაფრის ჰიპერბოლიზებას ახდენს და გადაჭარბებულად აფასებს ხოლმე მოვლენებს. მე ვფიქრობ, გონიერი ხელისუფლების პირობებში ჩვენ შევძლებთ, ეს მხარდაჭერა გამოვიყენოთ ჩვენს სასიკეთოდ.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა რიტა ყაველაშვილი