კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა უნდა იქცეს არა დაყოფის, არამედ ერთობის განმამტკიცებელ მოვლენად, რადგან ეკლესია ირჩევს წინამძღოლს, როგორც თავის ხილული ერთობის სიმბოლოს და შესაბამისად, გადაწყვეტილება უნდა იყოს სულიწმიდის მშვიდი მოქმედების ნაყოფი. ეკლესიის ძალა არის თავისუფლებაში, სიყვარულში და ერთსულოვნებაში, რომელიც იბადება არა იძულებით, არამედ ჭეშმარიტი თანხმობით, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში წერს.
"მოკრძალებული მიმართვა ჩვენს საზოგადოებას კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხზე
„სადაც უფლის სულია,იქვეა თავისუფლება.“ (2.კორ. 3:17) არის დრო,როცა სიტყვა ძალას კარგავს და მდუმარება იწყებს მეტყველებას. არსებობენ პიროვნებები, რომელთა დუმილი ერს ესაუბრება,ისინი ქმნიან არა ხმაურს, არამედ დროის სიღრმეს. აწ განსვენებული კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სწორედ ასეთი სულიერი საყრდენი იყო, რომლის სიტყვაც და დუმილიც სიბრძნეს ატარებდა. ათწლეულების განმავლობაში იგი ემსახურებოდა ეკლესიასა და ქვეყანას; როცა საზოგადოება ხმაურში იკარგებოდა, მისი ხმა სიმშვიდეს აბრუნებდა,ხოლო არჩევანის ჟამს ფესვებს ახსენებდა. იგი იყო ისტორიის მშვიდი თანაავტორი, რომლის განშორება წუთისოფელთან იქცა ერის სიყვარულისა და ტკივილის მდუმარე, ცრემლიან გამოხატულებად. მისი ხსოვნისადმი პატივისცემით და ამავე დროს, ეკლესიის ადმინისტრაციული უწყვეტობის გათვალისწინებით, მოკრძალებით მივმართავ ღრმად პატივცემულ ჩვენ საზოგადოებას.
დღეს, როდესაც საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში დგება განსაკუთრებული მნიშვნელობის ეტაპი, კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა; ღირსსაცნობია, რომ ეს მოვლენა თავისი არსით მოიცავს ადმინისტრაციულ თუ საეკლესიო-სამართლებრივ ჩარჩოებს და წარმოადგენს ეკლესიის სულიერი ერთობის, მისი ისტორიული მემკვიდრეობისა და კანონიკური წესრიგის ერთგვარ ინდიკატორს. კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა არის ეკლესიის თვითგამოხატვის უმაღლესი ფორმა და მისი მისიის განახლება, სადაც თანხვდება სარწმუნოებრივი გამოცდილება, კანონიკური ტრადიცია და საეკლესიო პასუხისმგებლობა. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ პროცედურულ გამართულობას, რომელიც განაპირობებს პროცესის ლეგიტიმურობას და საზოგადოების ნდობას, არამედ იმ სულიერ განწყობასაც, რომელიც განსაზღვრავს ეკლესიის შინაგან ერთობას და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხს.
მოგეხსენებათ, საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის ტრადიციას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჩვენი ეკლესიის ისტორიული მეხსიერება ცხადყოფს, რომ კათოლიკოს-პატრიარქთა არჩევა ხშირად საკმაოდ დრამატული და მრავალშრიანი იყო. დრამატიზმი გამომდინარეობდა არა მხოლოდ შიდა საეკლესიო ფაქტორებით, არამედ ფართო პოლიტიკური, გეოპოლიტიკური და სოციალურ-კულტურული კონტექსტით. ამ სრულიად კანონიკურ, პასტორალურ- ლიტურგიკულ აქტთან ხშირად იკვეთებოდა პოლიტიკური ძალაუფლება, სახელმწიფოებრივი ინტერესი და გარე ზეწოლა, რაც ასუსტებდა ეკლესიის ერთობას, კანონიკურ წესრიგს, თვითმმართველობის ცნებას და სულიერ ავტორიტეტს.
განსაკუთრებული დრამატიზმი გამოიხატა როგორც მეფის რუსეთის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებაში (რამაც ხელყო საკათალიკოსო ინსტიტუტი და ეკლესია დაექვემდებარა რუსულ სინოდალურ სისტემას, რაც იყო ეროვნული იდენტობისადმი უმძიმესი დარტყმა), ისე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის პროცესში- მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ისტორიული სამართლიანობის აღდგენა, პროცესი არ იყო ერთსულოვანი, რაც აისახა შიდა საეკლესიო წრეებს შორის არსებულ დაპირისპირებაში. დრამატიზმი ახალ ფაზაში გადავიდა საბჭოთა პერიოდში, როდესაც ეკლესიის საჭეთმპყრობელის არჩევა და მოღვაწეობა მიმდინარეობდა მძიმე ზეწოლის პირობებში. მრავალი იერარქი დევნის, რეპრესიებისა და აუტანელი პოლიტიკური კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. ამ ვითარებაში ეკლესიის მეთაურის როლი არცთუ იშვიათად გულისხმობდა ბალანსირებას გადარჩენასა და სულიერი მისიის შენარჩუნებას შორის. ამდენად, კათოლიკოს-პატრიარქის ინსტიტუტის ისტორია წარმოადგენს არა მხოლოდ სულიერი ხელმძღვანელობის, არამედ ისტორიული კრიზისებისა და ინსტიტუციური გამძლეობის ნარატივს.
დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, განსაკუთრებით საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების დადების შემდეგ, სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა მოექცა სამართლებრივ ჩარჩოში, რაც ავალდებულებს როგორც ორივე სუბიექტს, ასევე საზოგადოებას, რომ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხს მიუდგეს და განიხილოს არა მხოლოდ ტრადიციულ-კანონიკური, არამედ კონსტიტუციური წესრიგის კონტექსტში.
თანამედროვე ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებში მეთაურის არჩევა, როგორც წესი, წმიდა სინოდის ან გაფართოებული საეკლესიო კრების პრეროგატივაა. ზოგიერთ ეკლესიაში გამოიყენება ე.წ. „წილისყრის“ ელემენტიც, რაც ხაზს უსვამს ღვთის ნებას გადაწყვეტილების პროცესში. ადრეულ მსოფლიო ეკლესიაში მღვდელმთავრის არჩევაში მონაწილეობდა არა მხოლოდ სასულიერო დასი, არამედ ადგილობრივი ქრისტიანული საზოგადოებაც. მოგვიანებით, ეკლესიის ინსტიტუციური განვითარების პარალელურად, ეს ფუნქცია კონცენტრირდა მღვდელმთავართა კრებაზე (სინოდი). საქართველოს ეკლესიაში კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევს საეკლესიო უმაღლესი საკანონმდებლო და სააღმასრულებლო ორგანო-წმიდა სინოდი (წმიდა კრება).
მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლებრივ ტრადიციაში არსებობს მკაფიო იდეა: ეკლესიის მმართველობის საფუძველი არის სინოდური პრინციპი. უმაღლესი მმართველი ორგანო არის წმიდა სინოდი, სადაც მღვდელმთავრები ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებას და ზოგადად სინოდური გადაწყვეტილება არის ეკლესიური სამართლის ამოსავალი ფორმა. ეს არის ეკლესიის „იმპერატიული კოდექსი.“ სინოდის ლოგიკური სტრუქტურა მდგომარეობს კრებითი ინტელექტის პრინციპში: ჭეშმარიტება არ ეკუთვნის ერთ გონებას, არამედ ჩნდება გონებებს შორის ურთიერთქმედებაში, სადაც საბოლოო მიზანი არა ეფექტურობა, არამედ სულიერი სისწორეა. ამრიგად, ეკლესია როგორც ერთდროულად მეტაფიზიკური და სამართლებრივი სისტემა, ერთპიროვნული შეცდომის მინიმიზაციის თვალსაზრისით, ცდილობს ინდივიდუალური შეხედულებებისგან შექმნას ერთიანი გადაწყვეტილება ისე, რომ არ მოხდეს ჭეშმარიტების მონოპოლიზება. ამასთანავე, ეკლესია არის თვითრეგულირებადი სემანტიკური სისტემა, რაც გულისხმობს კანონიკური წესრიგის დაცვის აუცილებლობას: ეკლესიის ერთიანობის პრინციპი გაცხადებულია ქრისტეს სხეულის მთლიანობაში, რომელიც ვლინდება მრავალ ხმაში, ერთ სარწმუნოებასა და ერთ სიყვარულში.
თანამედროვე კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კათოლიკოს-პატრიარქის უნარი-მართოს ეკლესია გლობალიზაციის, სეკულარიზაციისა და სოციალური პოლარიზაციის პირობებში. ამიტომ, სამართლწესრიგისთვის უმთავრესია, რომ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის პროცესი განხორციელდეს სრული ერთობის, კანონიკური წესრიგისა და ეკლესიის ტრადიციისადმი ერთგულების პირობებში. ეკლესიის სამართლებრივი პრინციპების მიხედვით მღვდელმთავართა კრება ეფუძნება: სინოდის წევრი მღვდელმთავრების თავისუფალი ნების გამოვლინებას; ყველა კანონიკური კანდიდატის თანასწორ განხილვას; ნებისმიერი სახის ზეწოლის გამორიცხვას; გამიჯვნას პიროვნების საკრალურ აღქმასა და არჩევანის კანონიკურ აუცილებლობას შორის.
ეკლესიის სინოდური მსახურება უნდა იყოს თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის სივრცე, სადაც მღვდელმთავრები მოქმედებენ არა იძულებით, არამედ სინდისის მიხედვით. გამორიცხულია ნებისმიერი ფორმის ზეწოლა, რადგან იგი არის მცდელობა წინასწარ განსაზღვროს შედეგი ან შეზღუდოს ალერნატივები. მხოლოდ სინოდურ ერთობაში იქნება შესაძლებელი იმ სულიერი ავტორიტეტის ჩამოყალიბება, რომელიც არა მხოლოდ ეკლესიის შიგნით, არამედ მთლიანად საზოგადოებაში იქნება მიღებული და პატივცემული. როგორც წმიდა იოანე ოქროპირი გვახსენებს: ეკლესიის ერთობა არ არის ერთპიროვნული ნების შედეგი, არამედ უფლისმიერ სიყვარულში და ჭეშმარიტებაში თანხმობა, რომელიც იბადება თავისუფალ განხილვასა და მსჯელობაში და არა ძალდატანებით მიღებულ ერთგვაროვნებაში.
დასასრულ, ბუნებრივია, რომ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი იწვევს ფართო საზოგადოებრივ ინტერესს. ეკლესიის როლი ეროვნული თვითშეგნების, კულტურული მემკვიდრეობისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმირებაში განაპირობებს იმას, რომ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა აღიქმება როგორც საერთო მნიშვნელობის მოვლენა. თუმცა ამ ინტერესთან ერთად, აუცილებელია სიფრთხილე, თავშეკავება და პასუხისმგებლობით განმსჭვალული დამოკიდებულება, რათა არ მოხდეს პროცესის ზედმეტი პოლიტიზაცია ან მისი შინაარსობრივი დისტორსია. არჩევნების საკითხი წარმოადგენს როგორც კანონიკურ-სამართლებრივ, ისე ეკლესიოლოგიურ და საზოგადოებრივად მნიშვნელოვან მოვლენას. მისი განხილვა მოითხოვს ისტორიული გამოცდილების, საეკლესიო სამართლისა და თანამედროვე ეკლესიის ინსტიტუციური რეალობის ერთობლივ ანალიზს. ამიტომ, ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება რათა აღნიშნულ საკითხს შევხედოთ არა ემოციური ან დაპირისპირებითი პერსპექტივიდან, არამედ სიღრმისეული გააზრებით, პასუხისმგებლობითა და ეკლესიისადმი ერთგულების განცდით.
კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა უნდა იქცეს არა დაყოფის, არამედ ერთობის განმამტკიცებელ მოვლენად, რადგან ეკლესია ირჩევს წინამძღოლს, როგორც თავის ხილული ერთობის სიმბოლოს და შესაბამისად, გადაწყვეტილება უნდა იყოს სულიწმიდის მშვიდი მოქმედების ნაყოფი. ეკლესიის ძალა არის თავისუფლებაში, სიყვარულში და ერთსულოვნებაში, რომელიც იბადება არა იძულებით, არამედ ჭეშმარიტი თანხმობით" , - წერს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული.