აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ვაშინგტონში, UFC Freedom 250-ის ღონისძიებაზე სავარაუდო თავდასხმა აღკვეთა.
მედიის ცნობით, დაკავებულია ხუთი პირი, ხოლო გამოძიებამ შესაძლო დანაშაულში ჩართული კიდევ 23 ადამიანი გამოავლინა, რომლებიც სავარაუდო შეთქმულთა ქსელის წევრებად მიიჩნევიან.
ოფიციალური პირების თქმით, სავარაუდო გეგმა ითვალისწინებდა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონების გამოყენებას იმ შენობაზე თავდასასხმელად, რომლებიც ღონისძიების ლოკაციის მახლობლად მდებარეობდა. როგორც წყაროები ამბობენ, მიზანი მასობრივი ევაკუაციის დაწყება იყო, რათა შემდეგ ეტაპზე სნაიპერები ამოქმედებულიყვნენ. როგორც წყაროები ირწმუნებიანმ პარალელურად, დრონების მეორე ნაკადს თეთრი სახლის კარიბჭისთვის უნდა დაერტყა.
მედია წერს, რომ ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ მიზანი იყო "კაპიტალისტური ელიტების", "მილიარდერების" ან იმ პოლიტიკოსების სამიზნედ ქცევა, რომლებიც შემოწირულობებს იღებდნენ ამერიკა-ისრაელის საზოგადოებრივ საქმეთა კომიტეტისგან
როგორც ცნობილია, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ საფრთხის შესახებ 10 ივნისს მიიღო ინფორმაცია და პარტნიორ უწყებებთან ერთად დაიწყო მუშაობა.
გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელმა, კაშ პატელმა განაცხადა, რომ ამ ოპერაციამ აჩვენა FBI-ის უნარი, სწრაფად უპასუხოს საფრთხეებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოძიების მუშაობის საუკეთესო შედეგი იყო, ამ სამართალდამცავი გუნდისთვის ეს არც ისე უჩვეულოა - ჩვენ შექმნილი ვართ, რათა გამოვავლინოთ, ვუპასუხოთ და სასამართლოს წინაშე წარვადგინოთ ისინი, ვინც საფრთხეს უქმნიან ამერიკელი მოქალაქეების სიცოცხლეს, განსაკუთრებით ისეთი დიდი შეკრებების დროს, როგორიცაა ისტორიული UFC 250-ის ასპარეზობა. სწორედ ეს გავაკეთეთ აქ. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს შესანიშნავ აგენტებსა და პარტნიორებს, სამუშაო გრძელდება და ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოების ინფორმირებას“,- დაწერა სოცალურ ქსელში კაშ პატელმა.