Reuters-ის ინფორმაციით, სამშაბათს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც მოსკოვის ოლქის საწვავით მომარაგების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ინციდენტის გამო საწარმომ მუშაობა შეაჩერა.
Reuters-ის წყაროების ცნობით, უკრაინულმა დრონმა დარტყმა მიიტანა კომპანია „გაზპრომ ნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.
მათი ინფორმაციით, დაზიანდა ქარხნის მთავარი გადამამუშავებელი დანადგარი, რომელზეც საწარმოს საერთო სიმძლავრის დაახლოებით 53% მოდის.
ამავე წყაროების განცხადებით, მეორე გადამამუშავებელი დანადგარი, სავარაუდოდ, მუშაობას უახლოეს პერიოდში განაახლებს.
შეგახსენებთ, რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, 16 ივნისის დილით მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განხორციელდა. მოსკოვის მერის თქმით, ქალაქში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაზიანდა, სადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
მანამდე, 12 ივნისს, უკრაინული დრონების დარტყმის შედეგად თათრეთის რესპუბლიკაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაზიანდა. ამის შემდეგ კომპანია „ტატნეფტმა“ რუსეთის მასშტაბით საკუთარ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის გაცემაზე ლიმიტები დააწესა.
რუსული მედიის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება საწვავის მარაგების მართვასა და მიწოდების სტაბილურობის უზრუნველყოფას უკავშირდება, მას შემდეგ, რაც უკრაინულმა შეტევებმა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დააზიანა.