ნავთობიდან მიღებულმა უზარმაზარმა შემოსავლებმა ვერ შეძლო რუსეთი-ის ეკონომიკის მდგომარეობის გაუმჯობესება და ქვეყანა კვლავ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია. ამის შესახებ შვედეთის სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ტომას ნილსონმა Financial Times-ს განუცხადა.
ნილსონის თქმით, რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად საჭიროა, რომ რუსული ნავთობის მარკის — Urals-ის ფასი მთელი წლის განმავლობაში ბარელზე 100 დოლარზე მაღლა იყოს.
მისივე განცხადებით, რუსეთის სხვა ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლადაც აუცილებელია, რომ Urals-ის ფასი ამ დონეზე კიდევ უფრო ხანგრძლივი დროით შენარჩუნდეს.
ნილსონმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს კიდევ უფრო გაუჭირდება უკრაინაში ომის დაფინანსება, რომელიც უკვე მეხუთე წელია გრძელდება, თუ აშშ-სა და ისრაელს შორის ირანთან დაკავშირებული დაძაბულობა შემცირდება და ნავთობის ფასები სტაბილური გახდება.
„რუსეთს კვლავ აქვს სისტემური პრობლემა. ომისთვის საჭირო მასალების წარმოება, რომლებიც შემდეგ ბრძოლის ველზე ნადგურდება, ეკონომიკური ზრდის მდგრად მოდელს არ წარმოადგენს,“ - განაცხადა ნილსონმა.
ტომას ნილსონმა ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკური პრობლემები რუსეთში თავდაცვის სექტორსაც შეეხო, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ეს სექტორი უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დიდ ნაწილს იმ პირობებში, როცა სამოქალაქო სექტორი სერიოზულ სირთულეებს განიცდის.
მისი თქმით, მოსკოვი ფინანსებს გადაანაწილებს იმ მიმართულებებზე, სადაც ომის ხასიათი იცვლება — განსაკუთრებით უპილოტო სისტემებსა და შორ მანძილზე მოქმედ იარაღზე. თუმცა დრონების ინდუსტრიის მიღმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი წამგებიანია, გაჟღენთილია კორუფციითა და ფინანსური გაფლანგვით და დიდწილად დამოკიდებულია სახელმწიფო ბანკების სესხებზე.
ნილსონის თქმით, შვედეთის დაზვერვას აქვს მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ რუსეთი სისტემატურად მანიპულირებს ეკონომიკური მონაცემებით, რათა შეცდომაში შეიყვანოს დასავლეთი და უკრაინის მოკავშირეები — თითქოს ქვეყნის ეკონომიკამ გაუძლო უზარმაზარ სამხედრო ხარჯებსა და დასავლეთის სანქციებს.
მისივე შეფასებით, რეალური მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა. ნილსონი ამბობს, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკი ინფლაციის მაჩვენებელს ამცირებს: ოფიციალური მონაცემი 5.86%-ია, თუმცა მისი აზრით ინფლაცია რეალურად უკვე უახლოვდება საკვანძო საპროცენტო განაკვეთს — დაახლოებით 15%-ს.
ამასთან, შვედეთის დაზვერვამ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე ფინანსურ მაჩვენებელზე, რომლებიც შეიძლება მიანიშნებდეს მომავალ საბანკო კრიზისზე რუსეთში.
„თუ შექმენი ისეთი სისტემა, როგორიც ვლადიმირ პუტინმა შექმნა, შეიძლება არც კი იცოდე, რამდენად ცუდია რეალურად ეკონომიკური მდგომარეობა. მაგრამ იმ მცდარი ინფორმაციის პირობებშიც კი, რომელსაც ის იღებს, საბოლოოდ ამ პრობლემებს ვერ გაექცევა,“ - განაცხადა ნილსონმა.